ახალი ამბები

მარგველაშვილი: კასტრომ უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებაზე

26 ნოემბერი, 2016 • 1356
მარგველაშვილი: კასტრომ უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებაზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კუბის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

”ბატონი ფიდელ კასტრო იყო განსაკუთრებული ლიდერი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და მეოცე საუკუნის მსოფლიოზე. მინდა, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და კუბელი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ფიდელ კასტროს სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს კუბისა და მსოფლიოს ისტორიაში”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

კუბის კომუნისტური რევოლუციის ლიდერი და კუბის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფიდელ კასტრო კუბას, როგორც ერთპარტიულ სახელმწიფოს, 50 წლის მანძილზე მართავდა, იგი თანამდებობიდან 2006 წელს გადადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2008 წელს პრეზიდენტი მისი ძმა რაულ კასტრო გახდა. კასტროს მხარდამჭერები ამბობენ, რომ მან კუბა ხალხს დაუბრუნა თუმცა მას ასევე ბრალს დებენ ოპოზიციის შევიწროვებაში.

კასტრო 1926 წელს კუბაში, ორიენტეს პროვინციაში დაიბადა. 1953 წელს ბატისტას რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების გამო დააკავეს და 1955 წელს ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან 1 წლის შემდეგ კი ჩე გევარასთან ერთად პარტიზანული ბრძოლები წამოიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. 1959 წელს კუბის პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1976 წელს პრეზიდენტი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი