ახალი ამბები

წყალტუბოში “ქართული ოცნება” პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს

10 სექტემბერი, 2012 •
წყალტუბოში “ქართული ოცნება” პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს

“უკვე “ნაციონალური მოძრაობა” კი არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსებს, არამედ თვითონ სახელმწიფო სტრუქტურები მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში და ამის ერთ–ერთი ფაქტი იყო, რომელიც ეხება გიორგი ბაბუნაშვილსა და მალხაზ კოსტავას.  
მალხაზ კოსტავა არის “ქართული ოცნების” აქტივისტი  და მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში. ის მთელი ცხოვრება სარგებლობდა თავისი მამაპაპისეული ეზოთი და არაფერი პრობლემა არ ჰქონია ამ ფართთან დაკავშირებით. ხოლო მას შემდეგ, რაც ის გახდა “ქართული ოცნების” აქტივისტი, მასთან მივიდა წყალტუბოს საზედამხედველო სამსახურის წარმომადგენელი და უთხრა, რომ ვინაიდან ის არის “ქართული ოცნების” აქტივისტი, მას დააჯარიმებდნენ 1000–დან 1500 ლარამდე. მიზეზიც მოუძებნეს და უთხრეს, რომ მას თურმე დაკავებული ჰქონია სხვისი ეზოს ტერიტორია. წლები გადიოდა და ამაზე აქამდე არავინ არ საუბრობდა. ახლა კი უტიფრად ხაზი გაუსვეს მის პოლიტიკურ აქტიურობას და ამის გამო დაემუქრნენ ჯარიმით”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ზაქარეიშვილი.

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტზე საუბრობს 19 წლის გიორგი ბაბუნაშვილი, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნავს, მხოლოდ იმისთვის დააკავეს, რომ ბერა ივანიშვილის კონცერტს დაესწრო ქუთაისში.

“მე და ჩემი მეგობარი ვბრუნდებოდით ბერას კონცერტიდან სახლში, დაახლოებით იქნებოდა პირველი საათი. დაგვაკავა პოლიციამ იმის გამო, რომ ჩემს მეგობარს ეცვა “ქართული ოცნების” მაისური და მეც მასთან ერთად ვიყავი. მიგვიყვანეს სამხარეო პოლიციაში, სადაც გვაგინებდნენ, გვეუბნებოდნენ “მეოცნებეები” ხართო. ხოლო მას შემდეგ რაც დავინახე ქართულ პოლიციაში დიდი უსამართლობა, გადავწყვიტე გადმოვიდე “ქართულ ოცნებაში”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” გიორგი ბაბუნაშვილი.

 

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით კოალიცია “ქართულ ოცნებას” პოლიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ჯერ არ მიუმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი