ახალი ამბები | , , , , ,

ლეიბორისტების სარჩელი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებაზე არ დაკმაყოფილდა

25 ნოემბერი, 2016 | | 1253
ლეიბორისტების სარჩელი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებაზე არ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც გამოიყო 20 კვალიფიციური სუბიექტი, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას, ასევე 7 პარტია, რომლებსაც ეყოლებათ ცესკოში წარმომადგენელი.

ცესკოს თავმჯდომარის ამ განკარგულების შედეგად, საარჩევნო კომისებში “ლეიბორისტული პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” ნაცვლად მრეწველების და პატრიოტების წევრები შევლენ. “ლეიბორისტები” საბიუჯეტო დაფინანსების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ და ამიტომ მის გაუქმებას მოითხოვდნენ.

ამავე მოთხოვნით “თავისუფალი დემოკრატების” სარჩელზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ბიუჯეტიდან 500 ათას ლარზე მეტს მიიღებს იმის მიუხედავად, რომ ამ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 0.78% მიიღო და პარლამენტში მხოლოდ ერთი წევრი შეიყვანა, მაგრამ 6-წევრიანი ფრაქციის შექმნა მოახერხა “ქართული ოცნების” დახმარებით.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, ბიუჯეტიდან 300 000 ლარს მიიღებს. ამას ემატება მრეწველებისთვის, როგორც კვალიფიციური სუბიექტისთვის, 2014 წლის არჩევნების შედეგად გამოყოფილი დაფინანსება.

არასამთავრობოების განცხადებით, ცესკოს განკარგულება წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსაფუძვლოდ აყენებს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი