ახალი ამბები

წულუკიანი: მე როდესაც [მინისტრად] დავინიშნე, თვითონაც არ მქონდა აიდი ბარათი

25 ნოემბერი, 2016 • 1092
წულუკიანი: მე როდესაც [მინისტრად] დავინიშნე, თვითონაც არ მქონდა აიდი ბარათი

“მინდა გითხრათ, რომ აიდი ბარათი მიბმულია არჩევნებზე. ის, რომ თქვენ ბრძანდებით პარლამენტში და ეს ჩვენ ძალიან გვიხარია, ბევრის რამის გარდა სწორედ აიდი ბარათის დამსახურებაცაა [თუ ძალიან ხმამაღალი განცხადება არ იქნება], რადგან ამან მოგვცა საშუალება, რომ კარუსელები არ ყოფილიყო და ერთ ადამიანს ერთხელ მიეცა ხმა, თუმცა მზად ვარ საუბრისთვის”, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ირმა ინაშვილის კითხვას, აიდი ბარათების ალტერნატივის დაშვების შესაძლებლობაზე:

“რაც შეეხება პირადობის მოწმობების საკითხს, ეს ალბათ საჭიროებს ცალკე განხილვას, რისთვისაც მე გამოვთქვამ სრულ მზაობას, რადგან არსებობს რეალობები, მაგრამ არსებობს სტერეოტიპებიც. მე როდესაც [მინისტრად] დავინიშნე, თვითონაც არ მქონდა აიდი ბარათი. იმიტომ, რომ მქონდა იგივე კითხვები და ეს მე ხმამაღლაც ვაღიარე და დღესაც ვიმეორებ, რომ ბატონი ვაშაძე აკეთებდა კონტრრეკლამას [მე ამას რეკლამას ვერ დავარქმევ], ის ამბობდა, აიღეთ აიდი ბარათი, ის უფრო მეტია, ვიდრე აიდი ბარათი და ამით შეგიძლია ყველაფერი აკეთო ცხოვრებაში. რადგან ის ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება, ყველას გაგვიჩნდა აზრი, ხომ არ იმალებოდა ამის უკან რაიმე ადამიანის უფლების დარღვევის გეგმა. მაგრამ მქონდა რა უშუალო წვდომა ბაზებზე მაშინ, როდესაც უკვე ჩემს პოზიციაზე დავინიშნე და შემეძლო მე თვითონ შემემოწმებინა, არის თუ არა აქ რაიმე საფრთხე, მე 2012 წლის ნოემბერში თუ დეკემბერში ავიღე ეს ბარათი. გეთანხმებით, ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, მე დავიჯერე, რომ ამ ბარათში არანაირი საფრთხე ჩემი ინდივიდუალური უფლებებისთვის არ არის და მეც იგივე რელიგიას ვიზიარებ, რომელსაც თქვენ, რბილად ვამბობ, დავიჯერე, რომ ეს ჩემთვის საფრთხის მომტანი არ იყო. ბევრმა ადამიანმა დაიჯერა და თუკი 2012 წლის სექტემბერში 400 000 აიდი ბარათი გვქონდა [გაცემული], დღეს ეს რიცხვი არის 2 300 000. ამდენი ადამიანი თვლის, რომ ამაში საფრთხე არ არის. ამას ხელი შეუწყო უფასო აქციებმა, მილიონზე მეტი ბარათი უფასოდ გავეცით”, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი