“ოცნების” წარმომადგენლის ცნობით, ქუთაისში, გუშინ, 7 სექტემბერს, ბერა ივანიშვილის კონცერტის შემდეგ “ქართული ოცნების” ორი აქტივისტი დააკავეს:
“ფაქტობრივად, ეს ადამიანები მოიტაცეს, ამას სხვა კვალიფიკაცია არ აქვს”, – აცხადებს ნატო ქათამაძე, მისი თქმით, ორივე ახალგაზრდა წყალტუბოს რაიონის სოფელი ქვიტირიდანაა:
“ისინი ქუთაისში იმყოფებოდნენ ბერას კონცერტზე, კონცერტის შემდეგ ახალგაზრდებმა გამოისეირნეს ქალაქში, დასხდნენ პარკში, პოლიციის მანქანებმა რამდენჯერმე გაუარეს გვერდით და როგორც კი დაცოტავდა პარკში ხალხი, მაშინვე ორივე, ბექა გიორდელიძე და გიორგი ბაბუნაშვილი ჩასვეს მანქანებში და წაიყვანეს სამხარეო პოლიციაში”, – აღნიშნა ქათამაძემ, მისივე განცხადებით, სამხარეო პოლიციაში ახალგაზრდებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს:
“ბექა გიორდელიძეს ეცვა “ქართული ოცნების” მაისური და პირველი რეპლიკა, რაც პოლიციელებმა უთხრეს იყო ის, რომ “ოცნებობთ, ბიჭებო? მე თქვენ გაოცნებებთ კარგადო”. ორივე მათგანი ნაცემია. შემდეგ ბექა გიორდელიძეს, რომელსაც მაისური ეცვა, მოუტყუებია არ ვარ მხარდამჭერიო, კონცერტზე არიგებდნენ მაისურებს და უბრალოდ გადავიცვიო, ამის შემდეგ ჩამოართვეს ყველაფერი, რაც ჰქონდა და წაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, მას არაფერი არ აღმოაჩნდა, რა თქმა უნდა და ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელებს ბოდიში მოეხადათ, მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეს სამხარეო პოლიციის შენობაში, მხოლოდ მეორე დღეს 13:00 საათის შემდეგ გაათავისუფლეს”, – აცხადებს ნატო ქათამაძე, მისი თქმით, ახალგაზრდების დაკავებასთან დაკავშირებით პოლიციაში არანაირი ოქმი არ შეუდგენიათ:
“არანაირი დაკავების ოქმი არ შემდგარა, არავინ არ ლაპარაკობს იმაზე საერთოდ რატომ დააკავეს ეს ბავშვები, რა ბრალდება ჰქონდათ. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მივაწოდებთ ინფორმაციას. ორშაბათს შევიტანთ სამხარეო პოლიციაში განცხადებას და ვნახოთ, რას გვიპასუხებენ”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.