ახალი ამბები

სოფლის მეურნეობა – რეალური პრიორიტეტი თუ საარჩევნო პიარ-სტრატეგია?

8 სექტემბერი, 2012 •
სოფლის მეურნეობა – რეალური პრიორიტეტი თუ საარჩევნო პიარ-სტრატეგია?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველწლიურად სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის ერთი მილიარდი ლარის გამოყოფას აპირებს. „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამავე სფეროს მხარდაჭერისთვის მილიარდიანი ფონდის შექმნას გეგმავს. „ახალი მემარჯვენეების“ საარჩევნო პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის მანძილზე სოფლის განვითარებისთვის 797 მილიონი ლარიც საკმარისია. „ქრისტიან-დემოკრატების“ პროგრამაში კი, ამავე სფეროს განვითარებისთვის ყოველწლიურად 1,1 მილიარდი ლარია გამოყოფილი.


როგორ აპირებენ პარტიები სოფლის მეურნეობის დარგში მილიონობით ლარის ინვესტიციას და რა საკითხებია, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი?


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – წელიწადში 1 მილიარდი ლარი


მმართველი პარტიის 2008 წლის საარჩევნო პროგრამაში იყო დაპირება სოფლად 100 ახალი საწარმოს ამუშავებისა და 2000 სოფლის გაზიფიკაციის შესახებ. წელს მათ პროგრამაში სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხი ბევრად უფრო მასშტაბურადაა წარმოდგენილი:  

 

მაგალითად, საუბარია ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაზე, როგორიცაა  90 000 ჰექტარზე ირიგაციის სისტემისა და 35 000 ჰექტარზე დრენაჟის სისტემის გაკეთება, მომდევნო 4 წლის განმავლობაში წყალმომარაგების, გაზიფიკაციისა და გზების პროგრამების დასრულება.  

 

მოსახლეობის დახმარების მიზნით, სახელმწიფო 2000 ტრაქტორის, კომბაინისა და აგრეგატის შეძენასაც აპირებს. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კისისხევში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გლეხების კონსულტაციებისთვის ყველა რეგიონში 3-4 აკადემიკოსი გაიგზავნება, რომელთაც სახელმწიფო დააფინანსებს.

 

ამას გარდა, ხელისუფლების დაპირების მიხედვით, დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, ყველა პირუტყვი უფასოდ აიცრება. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღებისა და ექსპორტზე გატანის მიზნით კი, შეიქმნება სპეციალური „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია“, რომელიც გლეხებსა და ფერმერებს საბაჟო პროცედურების გამარტივებულად გავლასა და პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაში დაეხმარება.

 

ექსპორტის გარდა, „ნაციონალური მოძრაობა“ შიდა ბაზარზეც იზრუნებს და ამისათვის სამაცივრე მეურნეობების გაკეთებას აპირებს, რომელიც პროდუქციას შეინახავს და ზამთარში მათი რეალიზაცია იმპორტირებულ პროდუქციაზე იაფად მოხდება.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ 2-3 ჯერ გაზარდოს თავისი სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რაც უზრუნველყოფს, როგორც იმპორტის ჩანაცვლებას, ასევე, ექსპორტის მნიშვნელოვანად გაზრდასაც. მათი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის განვითარების სტარტეგიული გეგმა აქვს შემუშავებული, რომელსაც შესაბამისი ფინანსები სჭირდება, ამიტომ გადაწყდა სფეროს განვითარებისთვის წელიწადში 1 მილიარდი ლარი გამოყოფილიყო.

 

„ქართული ოცნება“ – ერთმილიარდიანი ფონდი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის


„ქართული ოცნება“ გლეხებსა და ფერმერებზე გრძელვადიანი და შეღავათიანი სესხების გაცემას გეგმავს. ბიძინა ივანიშვილი, საკუთარ გამოსვლებში აღნიშნავს, რომ აუცილებელია სოფლებში შეიქმნას გადამამუშავებელი საწარმოები და წვრილი გლეხური მეურნეობები, რაც მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. ივანიშვილი მოსახლეობას მიწების დაკანონების საკითხის მოწესრიგებასა და სათანადო გარანტიების შექმნასაც ჰპირდება. „ქართული ოცნების“ პროგრამის მიხედვით, ჩატარდება მიწების პასპორტიზაცია.

 

გარდა ამისა, შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრები და გლეხებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, ასევე, სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობაც.

 

„ქართული ოცნების“ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მიხედვით, რამდენიმე წელიწადში სოფლად ათასობით სამუშო ადგილი შეიქმნება და ქალაქებსა და უცხო ქვეყნებში იძულებით მიგრირებული ადამიანები ისევ სოფელს დაუბრუნდებიან.

 

„ქართული ოცნების“ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე დავით ონოფრიშვილი მუშაობს. მისი თქმით, მათი მხრიდან სოფლის მეურნეობის პრობლემებით დაინტერესება და მასზე ყურადღების გამახვილება არსებულმა სიტუაციამ გამოიწვია.

 

„საქართველოში სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 2003 წელთან შედარებით განახევრებულია. ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის 80% იმპორტირებულია. შემცირდა დაფინანსება და ამან მძიმე სურათი შექმნა. დღეს უკიდურესი სიღარიბეა სოფელში. ჩვენ როდესაც სოფლის მეურნეობის პროგრამაზე ვმუშაობდით, საერთაშორისო გამოცდილებასა და ექსპერტების გამოკვლევებს დავეყრდენით და გადავწყვიტეთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაგვემახვილებინა ყურადღება,“ – განაცხადა ონოფრიშვილმა.


“ახალი მემარჯვენეები” – 797 მილიონი ლარი 4 წლის მანძილზე


„ახალი მემარჯვენეები“ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის „სასოფლო ბანკის“ შექმნასა და დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემას აპირებენ. მათი დაპირების მიხედვით, თითო სოფელში თითო საწარმო უნდა გაიხსნას. ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს ერთი ტრაქტორი მაინც. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის უნდა გაიაფდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწვავი. გლეხებს სახნავ-სათესი და სათიბი მიწების დაკანონებას „ქართული ოცნების“ მსგავსად, „მემარჯვენეების“ პროგრამაც ჰპირდება.

 

პროგრამაში, ასევე, საუბარია: სადაზღვევო ვაუჩერებზე, სასათბურე მეურნეობების განვითარებაზე, შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების შეძენის დაფინანსებაზე, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემებზე, ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაზე, სოფლის მეურნეობის დარგში სპეციალისტების მომზადებაზე და სხვა.

 

„ახალ მემარჯვენეებში“ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე ლევან კალანდაძე მუშაობს. მისი თქმით, წელს სოფლის მეურნეობის საკითხებზე ყურადღების გამახვილება მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილმა გამოიწვია.

 

„სოფლად საქართველოს მოსახლეობის თითქმის 50% ცხოვრობს და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის წილი მშპ-ში მხოლოდ 7%-ია. გარდა ამისა, სოფელში ხალხი დაუსაქმებელია და სოფელი ბიზნესისათვის მიმზიდველი სფერო არაა. სოფლის მეურნეობის განვითარებას სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს და თუკი მისი ხვედრითი წილი არ გაიზარდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა,“ – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

 

მისი თქმით, „ახალი მემარჯვენეების“ სამოქმედო გეგმა საკმაოდ რეალისტურია და ერთადერთი, რამაც მას შეიძლება განხორციელებაში ხელი შეუშალოს, პოლიტიკური ნება იქნება.

 

„ჩვენ არ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ავიღებთ პასუხისმგებლობას მათ კეთილდღეობაზე. ჩვენ ვპირდებით, რომ ჩამოვაყალიბებთ სოფელს ბიზნესისთვის მიმზიდველ გარემოდ და მოსახლეობას შევუქმნით ისეთ პირობებს, რომ მათ შეძლონ კარგად ცხოვრება,“ – განაცხადა კალანდაძემ.

 

„ახალი მემარჯვენეების“ 2008 წლის საარჩევნო პროგრამასა და წლევანდელ პროგრამას შორის გარკვეული მსგავსებები არის, თუმცა 2012 წლის სამოქმედო გეგმაში ეს თემა უფრო  დეტალურადაა განხილული. მაგალითად, წელს „ახალი მემარჯვენეების“ პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი ყველა ხარჯი, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში გადანაწილდება. ასევე, 2008 წლის პროგრამაში არაფერია ნათქვამი „სასოფლო ბანკზე“ და სასოფლო-სამეურნეო საწვავის გაიაფებაზეც.


“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – წელიწადში 1,1 მილიარდი ლარი


2008 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში „ქრისტიან-დემოკრატები“ განსაკუთრებულ ყურადღებას მევენახეობასა და მეღვინეობის განვითარებაზე ამახვილებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს დარგი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა გამხდარიყო. 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში მეღვინეობის საკითხი თითქმის არ ფიგურირებს და მათთვისაც, ისევე როგორც დანარჩენი პარტიებისთვის, მნიშვნელოვანია აგრარული ბანკის შექმნა და დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა, სასაწყობე მეურნეობების გაკეთება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დაზღვევა და მოსახლეობის საწვავით, სასუქითა და ტექნიკით მომარაგება.

 

გიორგი ახვლედიანი, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პროგრამაში სოფლის მეურნეობის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ მათთვის სოფლის საკითხების მოგვარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იქ მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს და მათი 90% დაუსაქმებელია, ეს კი, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების“ მიზანია მცირემიწიანი გლეხი გადააქციონ კონკურენტუნარიან ფერმერად. ამის გაკეთებას კი, კოოპერატივების შექმნით, დაბალპროცენტიანი სესხებით, აგროდიზელის გაიაფებითა და ჩამბარებელი, გადამამუშავებელი და სამაცივრე სისტემის შექმნით აპირებენ.

 

„მილიარდი ლარის ინვესტირება სოფლის მეურნეობაში ძალიან მომგებიანი ქმედებაა. ეს ჩვენ არ მოგვიგონია, ასე თვლიან სოფლის მეურნეობის საკითხებზე მომუშავე ადამიანები. ეს თანხა მინიმუმია და ამის ათვისებას შევძლებთ. რამდენიმე წელიწადში კი, დაფინანსება მილიარდნახევრამდე გაიზრდება,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.


ექსპერტების შეფასება


სოფლის მეურნეობის საკითხების სპეციალისტის, პაატა კოღუაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობას მილიარდიანი ინვესტიციის ათვისება არ შეუძლია.

 

„ამ ეტაპზე ქართული სოფელი მილიარდიანი ინვესტიციისთვის მზად არ არის, შესაბამისად, მას ამხელა თანხების ათვისება არ შეუძლია და არც სჭირდება. სოფელი ამისთვის მზად მანამდე არ იქნება, სანამ არ მოგვარდება სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ესენია: დაწვრილებული საწარმოო ბაზის გამსხვილება, მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი კოოპერაციული გაერთიანებები, მათი სახელშეკრულებო თანამშროლობა გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოებთან და გადამამუშავებელი საწარმოების ადგილზე შექმნა,“ – განაცხადა პაატა კოღუაშვილმა.

 

მისი თქმით, სოფლის მეურნეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იაფი აგრარული კრედიტის, საგადასახადო შეღავათების, იაფი სასოფლო-სამეურნეო საწვავის, საჯარო მომსახურების, იაფი მელიორაციის სისტემისა და ტექნიკური მომსახურეობის უზრუნველყოფა.

 

„თუკი პარტიები საკუთარ სამოქმედო გეგმაში ამ ძირითად საკითხებს გაითვალისწინებენ, მაშინ მათი პროგრამა ეფექტური იქნება. 2008 წლის საარჩევნო პერიოდში სოფლის მეურნეობის საკითხებზე ასეთ ყურადღებას არავინ ამახვილებდა. ყველამ ახლა დაიწყო ამ პრობლემაზე საუბარი,“ – ამბობს კოღუაშვილი.

 

„ახლა აბსოლუტურად ყველა პარტია აპელირებს სოფლის მეურნეობის პრობლემებზე და თანაც, რაც ყველაზე თვალში მოსახვედრია, მათი პროგრამები ძალიან ჰგავს ერთმანეთს,“ – ამბობს ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე.

 

პიარის სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან სოფლის მეურნეობის საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება კარგად გათვლილი პიარ-სტრატეგიაა. მისი თქმით, ქალაქებში მოსახლეობას უფრო მეტად მიეწოდება ინფორმაცია, ამიტომ მათ თითქმის გადაწყვეტილი აქვთ ვის შეიძლება მისცენ ხმა არჩევნებზე:

 

„სოფელში მაცხოვრებელი ადამიანები არ არიან კარგად ინფორმირებულები. ასეთ პუბლიკას პიარში ლატენტურ პუბლიკას ვუწოდებთ, რომელთაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული. ასეთი ადამიანები ალტერნატივებს წონიან და ჯერ კიდევ ყალიბდებიან. ამიტომ მათთან პირისპირ შეხვედრების მოწყობა და საარჩევნო პროგრამის მათზე მორგება კარგად გათვლილი სტრატეგიაა,“ – ამბობს ელდარ პირმისაშვილი.

 


ეკონომიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი უნდა გახდეს ხელისუფლებისათვის:

 

“თუკი ამ სფეროს წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით მივუდგებით, შესაძლოა სხვა სფეროები უფრო მომგებიანი იყოს, რადგან სოფლის მეურნეობა მაღალი რისკის ზონაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის დანაკარგები სოფლის მეურნეობის განუვითარებლობით იმდენად მაღალია, რომ მისი წინ წამოწევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნისთვის“.

რა პრობლემებზე საუბრობენ თავად ფერმერები?


გაიოზ სოფრომაძე, ბაღდათიდან და აკო ჩალაგაშვილი სოფელი ძალისიდან, ყველაზე დიდ პრობლემად სარწყავი სისტემის არარსებობას ასახელებენ.

 

„წელს 5 ტონა ატმის მოსავალი მქონდა, როცა წესით 15 ტონა მაინც უნდა მიმეღო. ის 10 ტონა სარწყავი სისტემის მოუწესრიგებლობის გამო დავკარგე. წყალი ღამით არ მოდის, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ვაგროვებთ და მერე “მატორით” ვრწყავთ. დაგროვებული წყალი კიდევ მაქსიმუმ ერთ საათში იცლება, ამიტომ დიდი ტერიტორიების მორწყვას ვერ ვასწრებთ,“ – ამბობს აკო ჩალაგაშვილი, რომელსაც ხეხილი და ბოსტნეული მოჰყავს.

 

გაიოზ სოფრომაძეს საკუთარი ვენახი მდინარის პირზე აქვს გაშენებული და მისი მორწყვა შედარებით უადვილდება, თუმცა წარმოების გაზრდაში სარწყავი სისტემა ხელს უშლის.

 

„მიწა მაქვს და 500 ძირი ვაზის დარგვა მინდა, მაგრამ სარწყავი სისტემის არარსებობა ამაში ხელს მიშლის. თანხაც მჭირდება, მიწას დამუშავებაც უნდა, საწვავი ძვირია,“- ამბობს გაიოზ სოფრომაძე.

 

აკო ჩალაგაშვილის თქმით, სარწყავმა პრობლემამ ბევრი მიწა დასამუშავებელი დატოვა.

 

„შორიდან რომ გახედოთ მხოლოდ ჩემი მიწებია დამუშავებული, ჩემს გარშემო არსად მიწას არ ამუშავებენ. ხალხმა იცის, რომ წყალი არაა, საწვავი ძვირი ღირს და მოსავლის მოყვანის სურვილი აღარ აქვთ. ტრაქტორს და კომბაინსაც დიდი წვალების შემდეგ თუ იშოვი. ბაზარზე კიდევ ისეთი სიტუაციაა, შემოსული პროდუქცია გლეხის შრომას სულ უკარგავს ფასს, იმდენად იაფად იყიდება,“ – ამბობს ჩალაგაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი