ახალი ამბები

წულუკიანი ხედავს ბევრ კანონპროექტს, სადაც “ოცნებას” და “პატრიოტებს” “მოკავშირეობა შეუძლიათ”

24 ნოემბერი, 2016 • 1214
წულუკიანი ხედავს ბევრ კანონპროექტს, სადაც “ოცნებას” და “პატრიოტებს” “მოკავშირეობა შეუძლიათ”

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ხედავს ბევრ მომავალ საკანონმდებლო პროექტს, სადაც მათ პატრიოტთა ალიანსთან მოკავშირეობა შეუძლიათ. ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. წულუკიანი პასუხობდა გიგა ბოკერიას შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ გამოცხადდა გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა და ამ დროს კომენტარი ირმა ინაშვილსა და მის ფრაქციაზეც გააკეთა. მანამდე ინაშვილმა “ქართული ოცნება” ენმ-ის “გათეთრებისთვის” გააკრიტიკა:

“ოთხოზორიას მკვლელთან დაკავშირებით ინტერპოლთან არის ძალიან სერიოზული ურთიერთობები, შეხვედრებიც იგეგმება მათთან. ვის-ვის და ალბათ ბატონ გიგას [ბოკერია] მშვენივრად მოეხსენება, რომ ეს არ არის ის ფორუმი, სადაც შეგვიძლია დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა, რა თქმა უნდა, სწორი კითხვაა, პროცესი დაძრულია და ამ შემთხვევაში ჩვენ ინტერპოლის გაცილებით მეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, ვიდრე ადეიშვილის შემთხვევაში, როცა ინტერპოლს მოეჩვენა, რომ ჰოი, საოცრებავ, თურმე ზურა ადეიშვილი პოლიტიკური ნიშნით შეიძლება იყოს დევნილი საქართველოში. ეს არაპირდაპირ პასუხობს ქალბატონი ირმას [ინაშვილი] კითხვასაც, მე მას თავის ფრაქციასთან ერთად მინდა მივულოცო პარლამენტში შესვლა და მე მართლაც ვხედავ ძალიან ბევრ მომავალ საკანონმდებლო პროექტს, სადაც ჩვენ შეგვიძლია ამ ფრაქციასთან ერთად მოაკვშირეები ვიყოთ. შორს რომ არ წავიდე, აქ ბრძანდება ემზარ კვიციანი და კიდევ ბევრი ადამიანი, ვინც, ასე ვთქვათ, ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება დამართო ადამიანს, ქალებს, მათ შორის ოჯახის ქალებს”, – განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი