ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩვენს პროგრამაში ვერაფერს ნახავთ ისეთს, რაც არ უთქვამს ჩვენს ხელისუფლებას

5 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილი: ჩვენს პროგრამაში ვერაფერს ნახავთ ისეთს, რაც არ უთქვამს ჩვენს ხელისუფლებას

“მიუხედავად ამდენი მუშაობისა, წინასწარ გეუბნებით, რომ აქ ვერაფერს საოცარს ვერ აღმოაჩენთ და ვერაფერს ვერ ნახავთ ისეთს, რაც არ უთქვამს ჩვენს ხელისუფლებას ან ამბობენ სხვა ოპოზიციად წოდებული თუ რეალურად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები”, – განაცხადა ივანიშვილმა პროგრამის წარდგენამდე, მისი თქმით, საარჩევნო პროგრამაში ყურადღება ძირითადად ისეთ საკითხებზეა გამახვილებული, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა და უმუშევრობის პრობლემა:

 

“ის, რომ უმუშევრობაა ჩვენი პრობლემა, აქ აღმოსაჩენი არაფერი არ იყო, ამის შესახებ ამბობენ სხვა პარტიებიც, ამბობს ხელისუფლებაც. პროგრამებში სხვაობა შეიძლება ნახოთ, მაგრამ პრინციპულს ვერაფერს ვერ ნახავთ, მე ერთ-ერთი შემიძლია დაგისახელოთ, ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რასაც ხელისუფლება თავს არიდებს და მან პრაქტიკულად მოშალა ეს ინსტიტუტი. მთავარი, რაზეც მინდა, რომ აქცენტი გავაკეთო, გახლავთ ის, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ვალდებულება და აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ, და გავაკეთებთ იმაზე მეტსაც”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის განცხადებით, ბოლო დროის მანძილზე ის საკუთარ გუნდთან ერთად არა მხოლოდ პროგრამაზე, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარების გეგმაზე მუშაობდა:

 

“პოლიტიკაში მოსვლიდან რამდენიმე დღეში, ყველაზე ადრე რაც გავაკეთეთ, დაფუძნდა საქართველოს განვითარების ინსტიტუტი, ჩვენ მოვახერხეთ და მაქსიმალურად მოვუყარეთ თავი საქართველოში არსებულ მეცნიერებს და ვცდილობდით გამოგვემუშავებინა ქვეყნის განვითარების სტრატეგია, სტრატეგიაზე დაიხარჯა დიდი დრო და შესაძლებელია შემდეგი წლის პროგრამა არც ისეთი დახვეწილი იყოს, ამაზე არც ისეთი დიდი დრო დაგვრჩა”, – განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

 

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი პარტიების წინასაარჩევნო პროგრამას არ იცნობს, მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ არჩევნებში მოსახლეობა ხმას მისცემს საარჩევნო პროგრამების შედარების შედეგად და არა პიროვნული სიმპათიების მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი