შეგახსენებთ, თიბისი ბანკმა ახალი სათავო ოფისის ესკიზურ პროექტზე საერთაშორისო კონკურსი 10 ივნისს გამოაცხადა. ბანკის ახალი სათავო ოფისი, ვაკე-საბურთალოს გზაზე (უნივერსიტეტის ქ.2) განთავსდება. ეს შენობა, რომელიც მანამდე ამიერკავკასიის სამხედრო შტაბს ეკუთვნოდა, თიბისი ბანკმა 6 თვის წინ შეიძინა. შენობის საერთო ფართი 33 ათასი კვ. მეტრია, ხოლო მთლიანი ტერიტორიის ფართი 43 ათასი კვ. მეტრი.
რეკონსტრუქციის შემდეგ, თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისი იქნება ყველაზე დიდი ოფისი ბანკების დღეს არსებულ ოფისებს შორის, ხოლო როგორც ბიზნეს-ცენტრი, ასევე ყველაზე დიდი საქართველოს მასშტაბით.
ამ მასშტაბის არქიტექტურული კონკურსი საქართველოში ბოლო 15 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. კონკურსში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული კომპანიები გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლანდიიდან, იტალიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. კონკურსს ხელმძღვანელობს რომის XXI საუკუნის ხელოვნების ნაციონალური მუზეუმის, MAXXI არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი, ცნობილი იტალიელი არქიტექტორი, პიპო ჩორა (Pippo Ciorra).
კონკურსში წარმოდგენილი 34 პროექტიდან გამარჯვებულ პროექტს ჟიური 12 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში გამოავლენს. პირველი სამი ადგილის მფლობელისათვის საპრიზო ფონდი შეადგენს 100.000 ლარს, რომელიც ასე გადანაწილდება: პირველი ადგილი 50 000 ლარი, მეორე ადგილი 30 000 ლარი და მესამე ადგილი 20 000 ლარი.
საკონკურსო პროქტების გამოფენა თიბისი გალერეაში 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.