ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნებში რუსეთში მცხოვრები ამომრჩევლები მონაწილეობას ვერ მიიღებენ

5 სექტემბერი, 2012 •
საპარლამენტო არჩევნებში რუსეთში მცხოვრები ამომრჩევლები მონაწილეობას ვერ მიიღებენ

მოთხოვნის მოტივაცია გამომდინარეობს იქიდან, რომ 1 ოქტომბერი სამუშაო დღეა, რის გამოც საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება არჩევნებში მონაწილეობა უქმე დღეებში – 29 ან 30 სექტემბერს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ეკა აზარაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს კონსტიტუციის შესაბამისად. მისივე განმარტებით, ცესკოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეუძლია ვადების გადახედვა და ეს გამონაკლისია, როცა ცესკო განკარგულებით განსაზღვრავს საზღვარგარეთ განთავსებულ სამხედრო ნაწილებში გახსნილ საარჩევნო უბნებში არჩევნების ჩატარების თარიღს.

“სხვა შემთხვევაში ცესკოს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი არჩევნების ვადების შეცვლის,” – აცხადებს ეკა აზარაშვილი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლითაც სხვა სახელმწიფოებში 42 საარჩევნო უბანი შეიქმნა. მათ შორის რამდენიმე საარჩევნო უბანი იხსნება თურქეთში (ქალაქებში – ანკარა, სტამბოლო და ტრაპიზონი), საბერძნეთში (ქალაქებში – ათენსა და სალონიკში), აშშ-ში (ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში), უკრაინაში (კიევში, ოდესასა და დონეცკში). სხვა ქვეყნებში საარჩევნო უბნები იქმნება დედაქალაქებში, კერძოდ, იმ შენობებში, სადაც განთავსებულია საქართველოს საელჩოები.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ასევე, მაგალითად, პორტუგალიაში, ამ ქვეყნებში მცხოვრები ამომრჩევლები 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

“რუსეთში უბანი არ გაიხსნება. ჩვენ საზღვარგარეთ უბნებს ვხსნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე,” – აცხადებს ცესკო სპიკერი ეკა აზარაშვილი.

მისივე თქმით, ცესკო 11 სექტემბრის ჩათვლით მიიღებს მონაცემებს საკონსულოებიდან საკონსულო აღრიცვხაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება, გაიზრდება თუ არა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი