ახალი ამბები

24 ნოემბერს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გზა გადაიკეტება

23 ნოემბერი, 2016 • 1766
24 ნოემბერს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით  გზა გადაიკეტება

თბილისის მერიის ცნობით, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება.

“ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების (გლდანის ხიდების) მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.”

ზაჰესის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ხიდზე ყველაზე რთული სამუშაოები მიმდინარეობს.

“ხიდზე მიმდინარე საკმაოდ რთული სამუშაოების გამო ხვალ შუადღემდე, დღის ერთ მონაკვეთში, თბილისიდან გამავალ მანქანებზე მცირედი შეზღუდვა დაწესდება. ამის შესახებ მძღოლებს, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, წინასწარ ეცნობებათ. მოძრაობა დროებით გლდანი-კონიაკის დასახლების მიმართულებით გადაერთვება, თუმცა ეს იქნება ძალიან მცირე შეფერხება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკვე დასრულდა ხიდის ბურჯების მოწყობა. მიმდინარეობს მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა – სამასტონიანი ამწე  აზერბაიჯანიდან შემოყვანა. შემდეგ ეტაპზე დაიგება რკინა-ბეტონის ფილები და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი. მალის დამონტაჟება 24 ნოემბერს დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი