ახალი ამბები

საარჩევნო უბნები, სადაც მუშაობა უჭირთ

4 სექტემბერი, 2012 •
საარჩევნო უბნები, სადაც მუშაობა უჭირთ

თბილისის საარჩევნო უბნებს შორის აფრიკის დასახლებაში მდებარე 88-ე უბანი ერთადერთია, სადაც უბნის თავმჯდომარეს ტუალეტში ჩასასახმელი წყალი, ისევე როგორც 2010 წლის არჩევნების დროს, სახლიდან “ვედრით” მოაქვს.

 

 

88-ე საარჩევნო უბანი უკვე რამდენიმე წელია, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, ბაგა-ბაღის ყოფილ შენობაშია განთავსებული. ბაგა-ბაღი კი, თავის დროზე იმიტომ გაუქმდა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო.

 

უბნის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები არ გამორიცხავენ, რომ პირველ ოქტომბერს უბანში მისულ ამომრჩეველს, შენობაში თავზე რამე დაეცემა.

 

 

 

 

აღნიშნული უბნის იმ კომისიის წევრების განმარტებით, რომლებიც წინა წლების არჩევნებშიც მონაწილეობდნენ, შენობის მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება, თუმცა, მათივე თქმით, ცესკო უკეთესი ფართის გამოყოფას არ ჩქარობს.

 

კომისიის წევრთა უმრავლესობა ადგილობრივია. როცა დრო აქვთ და კარგი ამინდია, ურჩევნიათ ტუალეტში საკუთარ სახლში იარონ.

 

საარჩევნო უბანზე არ არის სამზარეულო. ყავას იქვე, სამუშაო მაგიდის გვერდით ამზადებენ.

 

ერთადერთი, რაც წლების მანძილზე უბნის კეთილმოწყობისთვის გაკეთდა, ეს ელექტროგაყვანილობაა, რომელიც აქამდე არ ჰქონიათ.

 

უბნამდე მისასვლელი გზა მოუვლელია. კომისიის წევრები ამბობენ, რომ ცხელ დღეებში შენობასთან გველებიც შეუნიშნავთ.

 

88-ე საარჩევნო უბანთან შედარებით, 48-ე უბნის წევრები უკეთეს სამუშაო პირობებში არიან. შენობას, რომელიც ცესკოს მიერ არის გამოყოფილი, ჯერ არ იყენებენ. კომისიის წევრები ელოდებიან, როდის დააგებენ ოთახში იატაკს.

 

48-ე უბანი
48-ე უბანი

 

„აქ ხალხი რომ შემოვიდეს, ამტვერდება ყველაფერი და მუშაობა შეუძლებელი იქნება. შეგვპირდნენ, რომ არჩევნების დღემდე ყველაფერი გაკეთდება, მათ შორის ტუალეტი,“- ამბობს 48-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამირან აფრამაშვილი.

 

არჩევნების დღემდე კი, კომისიის წევრებს მეზობელ შენობაში ერთ-ერთი შპს-ს კუთვნილ ობიექტში უწევთ მუშაობა.

 

სამუშაო პირობებს უჩივიან თბილისის იმ სკოლებში განთავსებული კომისიის წევრები, რომელიც ამჟამად რემონტდება.

 

94-ე საჯარო სკოლაში განთავსებული უბანი
94-ე საჯარო სკოლაში განთავსებული უბანი

 

მაგალითად, სკოლაში რემონტის გამო, მთაწმინდის ოლქში 42-ე საჯარო სკოლაში საარჩევნო ადმინისტრაცია ერთ, დაახლოებით, 10 კვ.მეტრის ფართობის ოთახშია განთავსებული. ამომრჩეველთა სია კი, რომელიც უბნის გარეთ უნდა იყოს განთავსებული, კომისიის წევრთა ოთახში, იატაკზე დევს. კომისიის წევრების თქმით, რემონტის გამო, შენობაში სუფთა კედელი ვერ იპოვეს, სადაც სიას გამოაკრავდნენ.

 

დღესვე, 4 სექტემბერს კითხვაზე, რა თანხა გამოიყო წელს საარჩევნო უბნების კეთილმოსაწყობად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ბიუჯეტთან იქნება დაკავშირებული, წერილობით უნდა მივმართოთ.  

 

რაც შეეხება, ცესკოს მთლიან ბიუჯეტს, 2010 წლიდან 2012 წლამდე ის, დაახლოებით 4 მილიონი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წელს 29 მილიონი ლარი შეადგინა.

 

2012 წლის დასაწყისში, ცესკოში საგანგებო ბრიფინგზე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ანასაშვილმა კი განაცხადა, რომ აღნიშნულ 29 მილიონში საარჩევნო ადმინისტრაციების ხარჯებიც შედიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი