ახალი ამბები

ივანიშვილი ტელედებატებში ისევ სააკაშვილს ითხოვს

4 სექტემბერი, 2012 •
ივანიშვილი ტელედებატებში ისევ სააკაშვილს ითხოვს

9 სექტემბერს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იწვევს პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს. იმის მიუხედევად, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” – ვანო მერაბიშვილი, მაია ფანჯიკიძე წერილში მიუთითებს, რომ ივანიშვილი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან აპირებს ტელედებატებში მონაწილეობს.

 

„ქართული ოცნების“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოიწვია დებატებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მაყურებლისთვის საინტერესო სწორედ ლიდერების დებატებია და არა დებატები დებატების გულისთვის, რომელმაც წინასაარჩევნოდ, უცხოელ დამკვირვებელთა დასანახავად და უცხოური ორგანიზაციების მოთხოვნით უნდა შექმნას ქვეყანაში თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს ილუზია.

 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას მივიღოთ მონაწილეობა დებატებში „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ ლიდერებს შორის. ამისათვის საჭიროა, ჩვენმა პოლიტიკურმა კონკურენტმა დაასახელოს თავისი ლიდერი და ქვეყნის ახლანდელი ან მომავალი პირველი პირი”, – აღნიშნავს მაია ფანჯიკიძე წერილში.

 

18 სექტემბერს მაუწყებელი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს შორის გეგმავს ტელედებატებს, რაზეც საარჩევნო ბლოკ „ბიძინა-ივანიშვილი – ქართული ოცნების“ პრესსპიკერი თანხმობას აცხადებს:

 

“მისაღებია ჩვენთვის მონაწილეობა საარჩევნო სიების პირველ ნომრებს შორის გამართულ დებატებში”, – აღნიშნავს ფანჯიკიძე.

 

შეგახსენებთ, ივანიშვილის ბლოკის სიის პირველი ნომერი ფეხბურთელი კახი კალაძეა, ხოლო მმართველი პარტიის – მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი