რეგიონების მიხედვით ინციდენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონში ფიქსირდება (62 ფაქტი), ასევე, დიდი რაოდენობის დარღვევებია იმერეთში (49), შიდა ქართლში (44), გურიასა (29) და სამეგრელო–ზემო სვანეთის (27) რეგიონებში.
თბილისში ათივე ოლქის შეჯამებული მონაცემებით, არჩევნების პორტალზე 43 ინციდენტია აღრიცხული. ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდება: გორში – 26 ინციდენტი; გურჯაანში – 15; დედოფლისწყაროში – 13; ლანჩხუთში – 11; ქუთაისში – 11; კასპში – 10; ოზურგეთში – 10; ლაგოდეხში – 9; ზუგდიდში – 9; საჩხერეში – 9.
პორტალზე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციის გარდა, დაფიქსირებულია მოქალაქეთა მიერ გაგზავნილი ინციდენტებიც.
არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალი წარმოადგენს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთობლივ ინიციატივას. მისი მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება; ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ სავარაუდო დარღვევების შესახებ სამი ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის ინციდენტების რუკაზე ასახვა.
საარჩევნო პერიოდის ინციდენტების გარდა პორტალზე განთავსებულია ინფორმაცია გასული არჩევნების შედეგებისა და ამომრჩეველთა სიების შესახებ. არჩევნების პორტალის მისამართია www.electionsportal.ge და მის ადმინისტრირებას ახდენს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.“







