ახალი ამბები

‘სამართლიანი არჩევნები’: არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები გაიზარდა

3 სექტემბერი, 2012 •
‘სამართლიანი არჩევნები’: არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები გაიზარდა

“სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, აგვისტოს თვეში მნიშვნელოვნად იმატა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევებმა, კერძოდ, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა   სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის  – 10, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების/ ძალადობის 15 (მათ შორის ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის 7 შემთხვევა), პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის – 8 (მათ შორის საჯარო მოხელეების მონაწილეობით პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის 5 შემთხვევა), ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის – 10, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის – 3, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის/ხელის შეშლის – 4, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების 5  და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 31 შემთხვევა.

ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, რომელიც “სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს უკავშირდება.

შუალედურ ანგარიშში მოყვანილია სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის რამდენიმე ფაქტი.

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაფიქსირდა გურჯაანში, როდესაც 2012 წლის  30  მაისს  ვანო ნაცარაშვილი, რომელიც  კოალიცია  „ქართული ოცნების” წევრია და კომპანია  „United security“-ს დაცვის სამსახურში, გურჯაანის სამედიცინო ცენტრში 2012  წლის აპრილიდან  მუშაობდა,  სამსახურიდან გათავისუფლდა.  

“ვანო ნაცარაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა,  რომ  სამსახურიდან  გათავისუფლებამდე,  დაახლოებით 3 კვირით ადრე მასთან უშიშროების და  პოლიციის თანამშრომლები  მივიდნენ და კოალიცია  „ქართული ოცნების“ დატოვება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრნენ.  2012  წლის  30  მაისს  მას  დაურეკეს  და  უთხრეს,  რომ  შტატების  შემცირების  გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. საგულისხმოა,  რომ  ნაცარაშვილთან  ერთად  სამსახურიდან  სხვა  ორი  თანამშრომელიც გაათავისუფლეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორივე აღდგენილ იქნა სამსახურში პირვანდელ პოზიციაზე”, – ნათქვმია ანგარიშში.

ანგრიშის მიხედვით, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ის პიროვნებები არიან დათხოვნილები, ვინც რაიმე ფორმით კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდაჭერას გმოხატავდნენ.

ასე მაგალითად, თბილისში 2012 წლის 9 და12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი – თეა დავითულიანი ორი სხვადასხვა სამსახურიდან გაათავისუფლეს. დავითულიანი სასწრაფო  დახმარების  მე-10  ფილიალში  (მიხაილოვის  საავადმყოფოსთან) ხელშეკრულების საფუძველზე  უმცროს ექიმად, ხოლო კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ოჯახის ექიმის ასისტენტად მუშაობდა. თეა  დავითულიანი  კლინიკა  „ნიუ  ჰოსპიტალში“ კონკურისის  წესით იქნა აყვანილი და  მხოლოდ სამი კვირა იმუშავა. მუშაობის პერიოდში მას შენიშვნა, საყვედური ან რაიმე სახის გაფრთხილება  არ მიუღია.

“აღსანიშნავია,  რომ  თეა  დავითულიანი  ორივე  სამსახურიდან  მას  შემდეგ  გაათავისუფლეს, რაც  თანამშრომლებთან  საუბრისას  ღიად  დააფიქსირა  აზრი  თავისი  პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, რომ იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. თეა დავითულიანის  სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკური მოტივი  სავარაუდოდ, იმ ფაქტში იკვეთება, რომ იგი 2012 წლის 9 აგვისტოს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ მენეჯერმა ასმათ თოფურიამ  დაიბარა  და  უთხრა,  რომ  უმჯობესი  იქნებოდა,  თუ  თავის  შვილის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აქციების ნაცვლად, სკოლაში ატარებდა.  სასწრაფო  დახმარების  სამსახურიდან  თეა დავითულიანი  2012  წლის  9  აგვისტოს გაათავისუფლეს. 2012 წლის 12  აგვისტოს კი იგი  „ნიუ ჰოსპიტალიდანაც“ გაათავისუფლეს და მიზეზად  ის ფაქტი დაუსახელეს, რომ ის თანამშრომელთა გუნდს ვერ შეეწყო”, – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში.

ანგრიშში ასევე მოხვდა დუშეთში 2012  წლის 20 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას  სახლ-მუზეუმის დირექტორის, ლელა რაზიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტიც.  

“ლელა  რაზიკაშვილი  აღნიშნულ  პოზიციაზე  2006  წლიდან  მუშაობდა. 2008  წელს  ვაჟა-ფშაველას  სახელობის  სახლ-მუზეუმს  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  სტატუსი მიენიჭა,  ხოლო  დირექტორად,  კულტურის,  სპორტისა  და  ძეგლთა  დაცვის  მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლელა რაზიკაშვილი დაინიშნა.  ლელა  რაზიკაშვილს  მუშაობის  პერიოდში  რაიმე  სახის  შენიშვნა,  გაფრთხილება  ან საყვედური არ მიუღია.  ლელა  რაზიკაშვილის  სამსახურიდან  გათავისუფლების  შესახებ  ბრძანებაში გათავისუფლების  მიზეზად  მითითებულია,   ის  გარემოება,  რომ  იგი  ადგილობრივი მაცხოვრებელი  არ არის და მუზეუმში მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდა. თავად ლელა რაზიკაშვილი საკუთარი გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მან 2012 წლის  14  ივლისს მუზეუმში ბიძინა ივანიშვილსა  და  კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უმასპინძლა, რომლებიც ვაჟაობის სახალხო დღესასწაულზე  იმყოფებოდნენ”.
“სამართლიანი არჩევნები” აცხადებს, რომ უმრავლეს  შემთხვევაში  ზეწოლა  საჯარო  მოხელეების  მხრიდან თანამდებობრივი  მდგომარეობის  ბოროტად  გამოყენების  გზით  ხორციელდება.

მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ზუგდიდში, კასპში, ჩოხატაურში, ლაგოდეხში, დუშეთში, ლანჩხუთსა და სიღნაღში.

სიღნაღში 2012 წლის 3 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კოტე ჯანელიძემ  წნორში მცხოვრებ  ნიკოლოზ  კიკილაშვილს “ურჩია“ დაეტოვებინა  კოალიცია  “ქართულ  ოცნება“, რაზეც  უარი  მიიღო.  

“როგორც  კიკილაშვილი  აცხადებს,  ორი  დღის  შემდეგ  იგი  კოტე ჯანელიძემ  მანქანაში  ჩასვა  და  სიღნაღში,  სასაფლაოსთან  მიმდებარე ტყე-პარკში  მიყვანა.  ადგილზე მათ უშიშროების რეგიონალური სამსახურის უფროსი სოსო ციციშვილი დახვდათ. ჯანელიძე  და  ციციშვილი  კიკილაშვილს  ქვეყნისა და  კოალიცია  „ქართული  ოცნების“ დატოვებას  სთხოვდნენ,  ემუქრებოდნენ  დაპატიმრებით და  სიტყვიერ  და  ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.  

სიღნაღის  საკრებულოს  თავმჯდომარე  „სამართლიანი  არჩევნების“  გრძელვადიან
დამკვირვებელთან საუბრისას  აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციად  აფასებს და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა პროვოკაციის მსგავსი ფაქტები მომავალშიც დაფიქსირდეს”.

კასპის შემთხვევაში კი  კოალიცია  „ქართული  ოცნების“  მხარდამჭერ  ლევან თაბორიძის მამასთან შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი მივიდა და დაემუქრა, რომ თუ მისი შვილი არ „დაჭკვიანდება“ ოჯახი სახლს დაკარგავდა.

“ლევან  თაბორიძე  აღნიშნულ  ფაქტს  იმ  მოვლენას  უკავშირებს,  რომ  ის  აქტიურად მონაწილეობს  ემიგრანტების მიერ გამართულ საპროტესტო  აქციაში. მაგალითად, იგი  2012 წლის 28 ივნისს ბრიუსელში, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვედრას მართავდა, რენესანსის  შენობასთან  გამართული  აქციისა და  15  ივლისს  ევროკავშირის  შტაბ-ბინის წინ გამართული საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილე იყო”, – ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.

“სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, ამომრჩევლის მოსყიდვა რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

“2012  წლის  6  აგვისტოს  სენაკის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ჭალადიდის  მოსახლეობას თბილი ტანსაცმელი და მაისურები დაურიგდა. სოფლის  მოსახლეობის  განმარტებით,  ტანსაცმლის  დარიგება  „ერთიანი  ნაციონალური მორაობის“  სახელით  ხორციელდებოდა  და  გუბერნატორ  გურამ  მისაბიშვილის  სოფელში ვიზიტს ახლდა თან”.

“2012  წლის  9  აგვისტოს  დედოფლისწყაროს  „ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის“
მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი, ზაზა  კედელაშვილი  მოქალაქე  მარინა  ბენაშვილს სტუმრობდა. „სამართლიანი არჩევნების“გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას მარინა ბენაშვილმა  კედელაშვილი  მას  ბინის  გაფორმების  ხარჯების  დაფარვასა  და  შემდგომ დასაქმებაში დახმარებას დაჰპირდა”.

ასევე ანგარიშში მოხვდა “ქრისტიან  დემოკრატიული მოძრაობის” მიერ ამომრჩეველის მოსყიდვის ფაქტი.

“კერძოდ,  2012  წლის  31 ივლისს  გურჯაანში  დიდების  მემორიალთან  “ქდმ” შეხვედრის  შემდეგ  შეკრებილ  მოქალაქეებს  მწვადით,  კიტრით, პამიდვრით, პურით და ღვინით გაუმასპინძლდა. სურსათი დაახლოებით 1000 ადამიანისათვის იყო განკუთვნილი. პარტიის  ერთ–ერთმა  ლიდერმა,  ლევან  ვეფხვაძემ  „კახეთის  საინფორმაციო ცენტრს“ განუცხადა,  რომ  „ქრისტიან  დემოკრატიული  მოძრაობის“  მხარდამჭერებმა  სურსათი საკუთარი სახსრებით შეაგროვეს.  

“კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ აღნიშნულ შეკრებაზე დამსწრე 20 გამოკითხულიდან ყველამ განაცხადა, რომ ისინი სუფრასთან პარტიის ლიდერებმა მიიწვიეს და უსასყიდლოდ გაუმასპინძლდნენ”.

აგვისტოს თვეში ასევე დაფიქსირდა პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტებიც, რომელიც ძირითადად კოალიცია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არის მიმართული.

ანგარიშში დაფიქსირებულ პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტები  ასევე, შეიცავენ  საქართველო  სისხლის  სამართლის  კოდექსის  166-ე  მუხლით  გათვლისწინებული დანაშაულის  ნიშნებს,  კერძოდ  სახეზეა  პოლიტიკური  გაერთიანების  საქმიანობისათვის უკანონოდ  ხელის  შეშლა  ძალადობით,  ძალადობის  მუქარით,  ან  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

“სამართლიანი არჩევნები” შენიშნავს, რომ აგვისტოს თვეში პარტიების მიერ ორგანიზებული შეხვედრების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა კოალიცია  „ქართული  ოცნება“,  პოლიტიკური  გაერთიანება  „ახალი  მემარჯვენეები“  და „ქრისტიან-დემოკრატიული  მოძრაობა“.  ასევე,  აღსანიშნავია,  რომ  განსაკუთრებული პოლიტიკური აქტიურობით თბილისი და იმერეთის რეგიონი  გამოირჩეოდა.
ორგანიზაციის დაკვირვებით,  “ერთიანმა  ნაციონალურმა მოძრაობამ” 1 აგვისტოდან  –  27  აგვისტოს  განმავლობში 182 შეხვედრა გამართა. ყველაზე მეტი შეხვედრა (41) – იმერეთში;

საჯარო  შეხვედრებზე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრების/ლიდერების  მხრიდან  მოქალაქეებისათვის  შეთავაზებულ  იქნა შემდეგი დაპირებები:

  •  დასაქმების პრობლემის გადაჭრა
  •  პენსიების ზრდა, სადაზღვეო პაკეტების ხელმისაწვდომობა და დასაქმება;
  • 1000  ლარიანი  ვაუჩერი  ყველა  ოჯახს,  რომლის  გამოყენება  4  წლის  განმავლობაში იქნება შესაძლებელი;
  • ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება;
  • ჯანდაცვის პოლისების გამოყენების წესების გამარტივება;
  • სოფლის მეურნეობის გაძლიერება;
  • მედიკამენტებზე ფასების შემცირება;
  • უმუშევრების რეგისტრაცია;
  • ინფრასრტრუქტურის გამართვა და სამუშაოების ამ მიმართულებით გაგრძელება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა ყველასთვის;
  • ყველა სოფელში წყლის, გაზის და გზების პრობლემის მოგვარება;
  • სატრანსპორტო გზების მოწესრიგება;  
  • სოფლის მეურნეობის სრული მექანიზაცია;
  • 2 მილიონ 500 000 მოქალაქის უფასო დაზღვევა

„ქართულმა  ოცნებამ“   01-26  აგვისტოს  განამვლობში  გამართა  376 საჯარო შეხვედრა, აქედან ყველაზე მეტი 100 შეხვედრა იმერეთში იყო.

საჯარო  შეხვედრებზე  კოალიცია  „ქართული ოცნების“   ლიდერების/წევრების მხრიდან მოქალაქეებისათვის შეთავაზებულ იქნა შემდეგი ტიპის დაპირებები:

  • დასაქმების პრობლემის მოგვარება;
  • პენსიების გაზრდა 220-დან 240 ლარამდე;
  • კომუნალური გადასახადების შემცირება;
  • მედიის გამჭვირვალობა;
  • მედიკამენტებსა და პროდუტებზე ფასების შემცირება;
  • სოფლის განვითარების მილიარდიანი ფონდის შექმნა;
  • სოციალური პრობლემების მოგვარება;
  • დაბალპროცენტიანი სესხების ხელმისაწვდომობა;
  • 30 წლიანი კრედიტის გაცემა 30 000 ლარის ფარგლებში;
  • საცხოვრებელი ფართების დაკანონება;
  • მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება;
  • განათლების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა;
  •  სამუშაო ადგილების ზრდა.

„ახალმა  მემარჯვენეებმა“  1 – 26  აგვისტოს  განმავლობაში 31 საჯარო შეხვედრა გამართა, აქედან ყველაზე ბევრი 10 შეხვედრა შიდა ქართლში.  

საჯარო  შეხვედრებზე „ახალი  მემარჯვენეების” წევრების/ლიდერების მხრიდან მოქალაქეებისათვის შეთავაზებულ იქნა შემდეგი ტიპის დაპირებები:

  • სოფლის პროგრამის გაუმჯობესება
  • მედიკამენტების, საწვავის, პროდუქტის გაიაფება;
  • შიდა  სასოფლო  გზის  პრობლემის  მოგვარება/  გზის  საფარის  შეყვანა ოჯახებამდე განვადებით; 
  •  სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება;
  •  მონოპოლიზირებული ბაზრის საკითხის მოგვარება;


“ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ” 1- 26 აგვისტოს განმავლობაში 34 საჯარო შეხვედრა გამართა, აქედან, ყველაზე მეტი შეხვედრა 17 შეხვედრა თბილისში.

საჯარო  შეხვედრებზე “ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობის” წევრების/ლიდერების მხრიდან მოქალაქეებისათვის შეთავაზებულ იქნა შემდეგი ტიპის დაპირებები:

  •  სოფლის მეურნეობის  განვითარება;
  •  პენსიების ზრდა მომავალი წლიდან;
  •  ახალგაზრდებისთვის დასაქმების პერსპექტივის შეთავაზება;
  •  ინფრასტრუქტურის განვითარება;
  •  გაზის ინფრასტრუქტურის გამართვა მთელი საქართველოს მასშტაბით.

2012 წლის  პირველი  აპრილიდან  “სამრთლიანი არჩევნები” ყოველთვიურად  აქვეყნებდა  წინასაარჩევნო გარემოს შუალედურ ანგარიშებს, შესაბამისად, დღემდე გამოცემულ იქნა ოთხი შუალედური ანგარიში.  წარმოდგენილი  მეხუთე  ანგარიში  კი  მოიცავს  2012  წლის 1 აგვისტოდან  26 აგვისტომდე პერიოდს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი