ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” განახლებულ მთავრობას მხარს არ დაუჭერს

22 ნოემბერი, 2016 • 1233
“პატრიოტთა ალიანსი” განახლებულ მთავრობას  მხარს არ დაუჭერს

“პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქცია მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მთავრობის ამ შემადგენლობას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება.  ჩვენ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამ გუნდზე. ჩვენ ხელისუფლებაში არ ვართ, რომ იმ გუნდის წარდგენის საშუალება გვქონდეს, რომელზეც პასუხისმგებლობას ავიღებდით. ჩვენი წინასწარი პოზიციაა, რომ მხარს არ დავუჭერთ,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით,  მინისტრობის კანდიდატობიდან რამდენიმეს არც ინდივიდუალურად  უჭერენ მხარს:

“თუ კანდიდატებს  პერსონალურად გამოვყოფთ, მხარს არავითარ შემთხვევაში დავუჭერთ კულტურის მინისტრს,  რომელმაც ხელი მოაწერა საყდრისის დანგრევას. ეს დანაშაული უნდა გამოიძიონ და ამჟამინდელმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს. მხარს არ დავუჭერთ გარემოს მინისტრს. მასობრივად იჭრება ხე-ტყე, ძალიან დიდი კორუფციაა ამ სფეროში და პასუხი უნდა აგოს გიგლა აგულაშვილმა. მან ასევე, პასუხი  უნდა აგოს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობისთვის. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, დიმიტრი ქუმსიშვილს.”

დღეს, 22 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სამინისტროების უმრავლესობას ცვლილებები არ შეეხება, თანამდებობებს ტოვებენ ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი. რაც შეეხება ახალ სახეებს, კვირიკაშვილმა მინისტრობის კანდიდატობის 3 ახალი წევრი წარადგინა- ვიქტორ დოლიძე, ზურაბ ალავიძე და გიორგი გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი