ახალი ამბები

გიორგი ბარათაშვილი: თიკო ბერძენიშვილი გააგრძელებს მაუწყებელში ჩვენს კურსს

21 ნოემბერი, 2016 • 2755
გიორგი ბარათაშვილი: თიკო ბერძენიშვილი გააგრძელებს მაუწყებელში ჩვენს კურსს
გიორგი ბარათაშვილი, რომელიც დღეიდან  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტს აღარ იკავებს, აცხადებს, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჰქონდა გადადგომა დაგეგმილი, მაგრამ შესაფერისი დრო ახლა დადგა:
“წლის დასაწყისში მქონდა დაგეგმილი წასვლა, ვფიქრობ, ახლა არის კარგი დრო ამისათვის იმიტომ, რომ ახალი წელი იგეგმება… ვთვლი, რომ ახალი სისხლი სჭირდება [მაუწყებელს]. ჩვენმა გუნდმა ბევრი რამ გააკეთა, პრაქტიკულად დანგრეული ტელევიზია ფეხზე დავაყენეთ. მაქვს სხვა პერსპექტივები, რომელზეც მოგვიანებით ვიტყვი”, – განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
იგი ამბობს, რომ მას შეთავაზებები აქვს, მაგრამ ვისგან, არ აკონკრეტებს. ასევე ამბობს, რომ პოლიტიკაში არ მიდის.
“ის გუნდი, რომელიც დარჩა, აგრძელებს მუშაობას. უკვე დაინიშნა მოვალეობის შემსრულებელი – თიკო ბერძენიშვილი. ის გააგრძელებს იმ კურსს, რითაც მივდიოდით, და დანარჩენი უკვე ახალ დირექტორზე იქნება დამოკიდებული – ვის აირჩევს საბჭო”, – განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
თიკო ბერძენიშვილი, რომელიც ადრე მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო, ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიმედია ბლოკის დირექტორია.
გიორგი ბარათაშვილი ღია კონკურსის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2012 წელს აირჩია მაუწყებლის გენერალურ დირექტორად. მან ამ პოსტზე გია ჭანტურია ჩაანაცვლა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, გიორგი ბარათაშვილი მაუწყებელზე 2005 წლიდან მუშაობს. მას შემდეგ, რაც ის 2012 წლის ბოლოს გენერალურ დირექტორად აირჩიეს, 2013 წლის განმავლობაში  სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილი ორჯერ – მარტსა და სექტემბერში გაათავისუფლა თანამდებობიდან. საბოლოოდ, ბარათაშვილი თანამდებობაზე 2013 წლის დეკემბერში აღადგინეს. მას უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურებოდა.
ბარათაშვილის გადადგომის შემდეგ სამეურვეო საბჭომ 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსის გამოცხადების შემდეგ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების შეტანის პროცესი დაიწყება – მსურველები კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში შეიტანენ განცხადებებს, 30 დღის შემდეგ კი ახალი გენერალური დირექტორი ბორდის წევრებმა 7 დღეში უნდა აირჩიონ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს რადიო “თბილისისა” და “ჰერეთის” დირექტორი, რამაზ სამხარაზე. ასევე, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაცემა “რეალური სივრცე” მიჰყავს. შესაძლოა, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს “ტელეიმედისა” და “მეორე არხის” ყოფილმა დირექტორმა, ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა – ის ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანს განაცხადს თანამდებობაზე, თუკი ეცოდინება, რა სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი