ახალი ამბები

UNICEF: საქართველოში მცხოვრები ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა

21 ნოემბერი, 2016 • 2825
UNICEF: საქართველოში მცხოვრები ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა

იუნისეფის მიერ ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღების კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. დღეს საშუალება გვაქვს, 2013 წლის მონაცემები 2015 წლის მონაცემებთან შევადაროთ. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის 2013 წლის კვლევიის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა.  კვლევის პრეზენტაცია დღეს, 21 ნოემბერს გაიმართა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ლაილა ომარ გადის თქმით, სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ ყველაზე დაუცველი ჯგუფია ქვეყანაში:

“საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინაშე. ბავშვის უფლებების დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს, ეს არსებითი საკითხია ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის, სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა”,- განაცხადა მან.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებელობა აქვთ, განათლება მიიღონ, ვიდრე მათ თანატოლებს შეძლებული ოჯახებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი