ახალი ამბები

პარლამენტარი ნატო ჩხეიძე კანონს არღვევს ტვ “იბერიას” წილის ფლობით

21 ნოემბერი, 2016 • 3365
პარლამენტარი ნატო ჩხეიძე კანონს არღვევს ტვ “იბერიას” წილის ფლობით

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე, რომელიც პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შევიდა, კვლავ ფლობს ტელეკომპანია “იბერიას”.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანის თანამდებობის პირი, ან  სხვა საჯარო მოხელე. ასევე, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტია, ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი.

საჯარო რეესტრის ცნობით, ტელეკომპანია იბერიის 100%-იან წილს შპს ბენმონტი ფლობს. შპს ბენმონტის 30%-ს ნატო ჩხეიძე ფლობს, ხოლო 70%-ს – მისი მეუღლე, ზაზა ოქუაშვილი, რომელიც თავის მხრივ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია და, შესაბამისად, მასზეც ვრცელდება კანონის ის მოთხოვნა, რომ არ უნდა ფლობდეს ტელეკომპანიის წილს.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC) ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ უკვე გაგზავნილია წერილი დამფუძლებლების ცვლილების მოთხოვნით. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, იბერიის მფლობელებმა კომისიას უნდა მიმართონ. თუკი არ მიმართავენ, კომისია დაიწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რასაც, კანონის თანახმად, შესაძლოა ტელეკომპანიის ავტორიზაციის შეჩერება მოჰყვეს.

ნეტგაზეთი ამ საკითხით მაშინაც დაინტერესდა, როდესაც ნატო ჩხეიძე “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის მესამე ნომრად დასახელდა. მაშინ პარტიაში განაცხადეს, რომ ნატო ჩხეიძე არ იყო  პარტიის წევრი და  არ იკავებდა პარტიაში არანაირ თანამდებობას.

 

amonaweri

მასალების გადაბეჭდვის წესი