ახალი ამბები

“პატრიოტების” საარჩევნო სიის მესამე ნომერი ტვ “იბერიის” წილის მფლობელია

9 სექტემბერი, 2016 • 2382
“პატრიოტების” საარჩევნო სიის მესამე ნომერი ტვ “იბერიის” წილის მფლობელია

პატრიოტთა ალიანსის სიის მესამე ნომერი, ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია “იბერიის” მფლობელი კომპანიის 30%-იანი წილის მეპატრონეა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია “იბერიას” შპს “ბენმონტი” ფლობს. თავის მხრივ, შპს “ბენმონტის” მფლობელები არიან ნატო ჩხეიძე – 30% და ზაზა ოქუაშვილი – 70%.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ასევე, არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან საჯარო მოხელე.

საარჩევნო ბლოკში “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” სიის მეშვიდე ნომერმა გოჩა თევდორაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ნატო ჩხეიძე უპარტიოა და არ არის ბლოკში შემავალი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. გოჩა თევდორაძის თქმითვე, ნატო ჩხეიძე ნომინირებულია “პატრიოტთა ალიანსის” მიერ, თუმცა ამ პარტიის წევრი არ არის.

პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკურმა მდივანმა და პროპორციული სიის ათეულის წევრმა, გიორგი ლომიამ კი განგვიცხადა, რომ დოკუმენტურად, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ნატო ჩხეიძეს არ ეკავა არანაირი თანამდებობა ბლოკში შემავალ რომელიმე პარტიაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსპიკერმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ეს კანონის მოთხოვნებთან იმ შემთხვევაში მოვა წინააღმდეგობაში, თუკი ნატო ჩხეიძე ტელეკომპანიის ფლობის პარალელურად, გახდება პარლამენტის წევრი, ან პარტიაში რომელიმე თანამდებობას დაიკავებს.

გოჩა თევდორაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო ბლოკის “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ირმა ინაშვილი
  2. ადა მარშანია
  3. ნატო ჩხეიძე
  4. გიორგი ლომია
  5. გელა მიქაძე
  6. ემზარ კვიციანი
  7. გოჩა თევდორაძე
  8. ვაჟა ოთარაშვილი
  9. ფრიდონ ინჯია
  10. კახა კუკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი