ახალი ამბები

გიორგი ბარათაშვილმა დირექტორის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მაუწყებლის ბორდს მიმართა

21 ნოემბერი, 2016 • 2633
გიორგი ბარათაშვილმა დირექტორის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მაუწყებლის ბორდს მიმართა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სამეურვეო საბჭოს სახელზე კანცელარიაში 21 ნოემბერს შეიტანა. სამეურვეო საბჭოს წევრის, ქეთევან მსხილაძის თქმით, მისი მიმართვა ცნობად მიიღეს.

ბორდის წევრის, ქეთევან მსხილაძის თქმით, სავარაუდოდ, ბორდის მომავალ სხდომაზე იმსჯელებენ, თუ ვინ იქნება გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სანამ მაუწყებელი ახალ დირექტორს აირჩევს. ბორდის სხდომს ჩატარების თარიღი და დღის წესრიგი დღეს გახდება ცნობილი.
ქეთევან მსხილაძე ამბობს, რომ ბარათაშვილს მიმართვაში არ დაუწერია მიზეზი, თუ რის გამო ტოვებს თანამდებობას: “თქვა, რომ შეთავაზებები აქვს და მუშაობის სხვაგან გაგრძელებაზე ფიქრობს, თუმცა არ უთქვამს, ვისგან და რა შემოთავაზეზები აქვს”.
გიორგი ბარათაშვილი ღია კონკურსის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2012 წელს აირჩია მაუწყებლის გენერალურ დირექტორად. მან ამ პოსტზე გია ჭანტურია ჩაანაცვლა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, გიორგი ბარათაშვილი მაუწყებელზე 2005 წლიდან მუშაობს. მას შემდეგ, რაც ის 2012 წლის ბოლოს გენერალურ დირექტორად აირჩიეს, 2013 წლის განმავლობაში  სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილი ორჯერ – მარტსა და სექტემბერში გაათავისუფლა თანამდებობიდან. საბოლოოდ, ბარათაშვილი თანამდებობაზე 2013 წლის დეკემბერში აღადგინეს. მას უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურებოდა.
სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ მაუწყებლის ბორდმა 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსის გამოცხადების შემდეგ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების შეტანის პროცესი დაიწყება – მსურველები კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში შეიტანენ განცხადებებს, 30 დღის შემდეგ კი ახალი გენერალური დირექტორი ბორდის წევრებმა 7 დღეში უნდა აირჩიონ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს რადიო “თბილისისა” და “ჰერეთის” დირექტორი, რამაზ სამხარაზე. ასევე, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაცემა “რეალური სივრცე” მიჰყავს. შესაძლოა, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს “ტელეიმედისა” და “მეორე არხის” ყოფილმა დირექტორმა, ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა – ის ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანს განაცხადს თანამდებობაზე, თუკი ეცოდინება, რა სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი