ახალი ამბები

21 ნოემბერს ეროვნული უშიშროების საბჭო გენშტაბის უფროსის გადაყენების საკითხს განიხილავს

21 ნოემბერი, 2016 • 1797
21 ნოემბერს ეროვნული უშიშროების საბჭო გენშტაბის უფროსის გადაყენების საკითხს განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, 21 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

უშიშროების საბჭოს აპარატის ცნობით, დღეს საბჭოზე განიხილავენ თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხებს. გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის უფლებამოსილების ვადა ხვალ, 22 ნოემბერს იწურება – ის გაერთიანებული შტაბის უფროსად 2013 წლის 22 ნოემბერს დაინიშნა.

სხდომაზე ასევე განიხილავენ “სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხებსა და “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესს”.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები – პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი – დავით რაქვიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი