ახალი ამბები

‘ნაცმოძრაობის’ მაჟორიტარი კანდიდატის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა

30 აგვისტო, 2012 •
‘ნაცმოძრაობის’ მაჟორიტარი კანდიდატის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა

სუბარის განცხადებით, მმართველი პარტიის დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა  ერთ–ერთ მოქალაქეს გადასცა 500 ლარი დასახმარებლად, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს.

“რა თქმა უნდა, მას, როგორც მოქალაქეს, აქვს უფლება, დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს, როდესაც უჭირს და თუ დახმარება სჭირდება. მაგრამ საარჩევნო პერიოდში ამას კრძალავს კანონი და ამას კანონის ენაზე ეწოდება ამომრჩევლის მოსყიდვა. არჩევნები უკვე გამოცხადებულია. ზურაბ ოტიაშვილი, რომელიც არის “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი დუშეთის რაიონში, ამავე დროს არის საჯარო მოხელე, რომელსაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს და მოეთხოვებოდა, რომ მეტად სცოდნოდა კანონი”, – აღნიშნავს “ნეტგზეთთან” საუბარში სუბარი.

მისი განცხადებით, კანონი ყველასთვის ერთიანი უნდა იყოს.

“შეგახსენებთ ფაქტს, როდესაც სამი ახალგაზრდა “ქართული ოცნებიდან”- მესხი, ამაშუკელი და ჩხენკელი დააპატიმრეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ თითქოს არასწორი მითითება მისცეს მოქალაქეებს. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო არჩევნები გამოცხადებული და არც საარჩევნო პერიოდი იყო გამოცხადებული, მიუხედავად ამისა, მათ ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვალათ და ისინი დღეს სწორედ ამ მუხლით არიან მიცემული პასუხისგებაში. შესაბამისად, ამ ფაქტზეც უნდ მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება”, – აღნიშნა სუბარმა და დასძინა, რომ პროკურატურისგან რეაგირება უნდა იყოს წამიერი.

“ანუ ჩვენ შევიტანეთ საჩივარი და რეაგირება უნდა დაიწყოს. დაყოვნება არ შეიძლება. პასუხი ხვალ ამ დრომდე, ვიმედოვნებთ, რომ გვექნება. როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატი აძლევს ფულს მოქალაქეს, რომელიც მის საარჩევნო ოლქში ცხოვრობს, ეს ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვაა”, – მიიჩნევს კოალიციის წარმომადგენელი სოზარ სუბარი.

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატს ზურაბ ოტიაშვილს, თუმცა, მან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი