ახალი ამბები

დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

18 ნოემბერი, 2016 • 1696
დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა თავმჯდომარის შემდეგ მისი მოადგილეებიც აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე პარლამენტმა 120 ხმით 2-ის წინააღმდეგ თამარ ჩუგოშვილი აირჩია. მის გარდა “ქართულ ოცნებას” კიდევ ორი ვიცესპიკერი ეყოლება: ზვიად ძიძიგური პარლამენტმა 129 ხმით 2-ის წინააღმდეგ აირჩია, ხოლო გია ვოლსკი- 129 ხმით 3-ის წინააღმდეგ.

“ნაციონალური მოძრაობიდან” თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 94 ხმით 15-ის წინააღმდეგ აირჩიეს სერგი კაპანაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე  ილია ნაკაშიძე 131 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.

“პატრიოტთა ალიანსიდან” მოადგილედ 106 ხმით 24-ის წინააღმდეგ  აირჩიეს ირმა ინაშვილი.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს;

თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით.

ამასთან,  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არაუმეტეს 3 კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას;  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის, მაგრამ არაუმეტეს 3-ისა, წარდგენის უფლება აქვთ იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ შექმნილ ფრაქციებს, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და  გაერთიანებული არ არიან უმრავლესობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი