ახალი ამბებიეკონომიკა

რის შეცვლას მოითხოვენ საკრებულოს წევრები თბილისის ბიუჯეტის პროექტში

18 ნოემბერი, 2016 • 2194
რის შეცვლას მოითხოვენ საკრებულოს წევრები თბილისის ბიუჯეტის პროექტში

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს წევრებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო და საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები მოისმინა. საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დასახელებულ შენიშვნებს და წინადადებებს დეპუტატები კვირის ბოლომდე ქონების მართვისა და საფინანსო კომისიას წარუდგენენ, შემდეგ კი, თბილისის მერიას.

საკრებულოს წევრთა უკმაყოფილებას ძირითადად ბიუჯეტის მოცულობა, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე შემცირებული დაფინანსება და “სითი პარკთან” მოქმედი ხელშეკრულება იწვევს. ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ქალაქის ინტერესებს არ არის მორგებული და მერია გარკვეულ პრიორიტეტებზე შემცირებული დაფინანსების მიზეზებს ვერ ასაბუთებს. 2017 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 47 მილიონი ლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით და, ჯამში, 800 270 500 ლარით განისაზღვრა.

გაიოზ თალაკვაძე ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ გარკვეულ პროექტებში ფაქტობრივი ხარჯვა პროგნოზირებულ თანხებზე ნაკლები იყო, ამიტომ 2017 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები შევიდა და ზოგიერთ მიმართულებებზე დაფინანსება შემცირდა. ასევე, მისი თქმით, ყოველ წელს ყველა მიმართულება აქტიუალურობას ვერ შეინარჩუნებს და მერიის მხრიდან ერთდროულად ყველა პროექტისათვის დიდი ბიუჯეტის გამოყოფა არალოგიკურია.

თალაკვაძე ამბობს, რომ რეალურად ბიუჯეტი 47 მლნ.-ით არ შემცირებულა, რადგან 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული გარდამავალი ნაშთი, რომელიც ზუსტად დათვლის შემდეგ ბიუჯეტის პროექტს დაემატება:

“2016 წლის ბიუჯეტში იყო დაზუსტებული ნაშთი გათვალიწინებული და ეს იყო 39 მლნ. ლარი. [2017 წლის ბიუჯეტში] ჯერჯერობით არ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ 2016 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უკეთესად სრულდება და ამიტომ, ალბათ, ამ ოდენობის გარდამავალი ნაშთი არ დაგვრჩება. რაც დაგვრჩება, ის დაემატება ამ წლის ბიუჯეტს. არ ვიცით, რამდენი იქნება ეს ნაშთი,” – ამბობს თალაკვაძე.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი რიმა ბერიძე კი მიიჩნევს, რომ მათი ოპონენტების მხრიდან ბიუჯეტის პროექტის არასწორი ინტერპრეტირება ხდება.

“ბიუჯეტი არ შემცირებულა 47 მლნ. ლარით. კერძოდ, 40 მლნ. წინა წლის ბიუჯეტში იყო გარდამავალი ნაშთი და 5 მლნ. სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად გამოყოფილი. შეიძლება ვიდავოთ, სად წავიდა 2 მლნ. ლარი,” – ამბობს ბერიძე.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გაიოზ თალაკვაძე. ფოტო: ნეტგაზეთი

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გაიოზ თალაკვაძე. ფოტო: ნეტგაზეთი

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრები სოციალური მიმართულებების დაფინანსების შემცირებას აპროტესტებენ, თუმცა მერია ამას სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ვაუჩერის გაცემის წესში შესული ცვლილებით ხსნის:

“2016 წლის განმავლობაში მოხდა ცვლილება ვაუჩერის დაფინანსების წესში და, შესაბამისად, თავიდან მოხდა ამ ხარჯის დაანგარიშება. ის თანხა, რაც ჩადებული იყო, ცვლილების შემდეგ საპროგნოზოდ კიდევ უფრო ნაკლები დაიხარჯა, შესაბამისად, პროგნოზისათვის ახლა გვაქვს ეს თანხა. თუ თანხა დააკლდა, რა თქმა უნდა, დაემატება,” – ამბობს თალაკვაძე.

ნაციონალურ მოძრაობას ასევე კითხვა აქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისათვის შექმნილი საგანმანათლებლო პროექტებისა და კონკურსებისათვის გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით, რაზეც თალაკვაძე პასუხობს, რომ მუნიციპალიტეტს კანონი ავალდებულებს, ჩაატაროს ტრენინგები ამხანაგობების კომპეტენციის ასამაღლებლად და სხვა აქტივობებისათვის, ამიტომ ბიუჯეტში ეს ნაწილი გათვალიწინებულია.

რაც შეეხება ავარიული სახლების შეკეთებისათვის გამოყოფილი თანხების შემცირებას, კეთილმოწყობის საქალაქოს სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის თქმით, ამისათვის გასულ წელს 23 მლნ. ლარი გამოიყო, საიდანაც “3 მილინონის ეკონომია გაკეთდა”, ამიტომ ხარჯების დათვლის შემდეგ სამსახური მომავალ წელს მეტი თანხის გამოყოფას საჭიროდ არ მიიჩნევს.

როგორც ოპოზიციური ფრაქციები, ასევე, “ქართული ოცნება” თანხმდებიან, რომ მოქმედი კონტრაქტი “სითი პარკთან” უნდა შეწყდეს. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივას, თბილისის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იყოს 25 მლნ. პირგასამტეხლო, რათა ქალაქის მთავრობამ გაწყვიტოს კონტრაქტი “სითი პარკთან”, უმეტესობა იზიარებს. თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ კომპანიასთან კონტრაქტის გაუქმების შემთხვევაში ალტერნატიული მოდელის შექმნაა აუცილებელი, რასაც დრო სჭირდება.

“ბიუჯეტი არ არის რაიმე ახალზე ორიენტირებული, არაფრის შექმენაზე – ეს არის მიმდინარე ხარჯების დაფარვა. აქ არ არის საუბარი სატრანსპორტო საკითხებზე, ეკოლოგიაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფრაქცია “რესპუბლიკელები” მზად ვართ განვიხილოთ ბიუჯეტისათვის მხარდაჭერის საკითხი, თუ მერია გამონახავს თანხებს, მით უმეტეს, რომ ეს შესაძლებელია, და გაისტუმრებს “სითი პარკის” კონტრაქტს. ჩვენ მზად ვიქნებით, რომ განვიხილოთ ამ ბიუჯეტისათვის მხარდაჭერის საკითხი,” – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს სხდომა 18.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

2017 წლის ბიუჯეტში მერიამ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა, მათ შორის არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა და განათლების პროგრამები. სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, გამაგრების მიმართულებით კი ქალაქის მთავრობა დაფინანსებას ამცირებს. ბიუჯეტის პროექტზე ვრცლად გაეცანით სტატიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი