ნეტგაზეთი | რის ხარჯზე მცირდება თბილისის ბიუჯეტი რის ხარჯზე მცირდება თბილისის ბიუჯეტი – Netgazeti

რის ხარჯზე მცირდება თბილისის ბიუჯეტი

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 47 მილიონი ლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით და, ჯამში, 800 270 500 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოს უკვე წარუდგინა.

მომავალი წლის ბიუჯეტში მერიამ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა, მათ შორის არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა და განათლების პროგრამები. სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, გამაგრების მიმართულებით კი ქალაქის მთავრობა დაფინანსებას ამცირებს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტებები:

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა 147 690 400 ლარი – გასულ წელთან შედარებით ამ კუთხით დაფინანსება 29 475 300 ლარით იზრდება, რაც ძირითადად განპირობებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტით. ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის გასაახლებლად გამოიყოფა 20 853 400 ლარი, რომელშიც გათვალისწინებულია 10 მეტროს ვაგონის მოდერნიზაცია, 20 ვაგონის საშუალო რემონტი და 30-ის ძრავის შეკეთება. ასევე, მეტროსადგურების რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 10 588 000 ლარი. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, ძირითადად კი ახალი ავტობაზისა და გაზგასამართი სადგურის მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხა ამ ეტაპზე განსაზღვრულია 20 753 000 ლარით. გზების შეკეთებისათვის მერია 85 მლნ-ზე მეტს გამოყოფს.

ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება 148 248 800 ლარი – დაფინანსება შემცირდა 34 184 900 ლარით. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, წინა წელთან შედარებით ბიუჯეტის შემცირება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ 2016 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებიც (15 მლნ. ლარზე მეტი). ასევე, 2016 წელს ქალაქის გავითარების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული იყო 46 მლნ, რაც მომავალ წელს მხოლოდ 27.4 მლნ ლარი იქნება. ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მერია აგრძელებს ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და შენობების რეაბილიტაციის დაფინანსებას. ბიუჯეტის პირველადი დოკუმენტის თანახმად, ავარიული 34 შენობის რეაბილიტაციისათვის დაგეგმილია 20 მლნ. ლარის გამოყოფა. 7 მლნ. ლარზე მეტია გამოყოფილი საკანალიზაციო, სანიაღვრე ქსელების, ხიდებისა და გვირაბების, ასევე, მახათას მთაზე პანთეონის მოწყობის სამუშაოებზე.

ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება 71 980 100 ლარი – გამოყოფილი თანხიდან გამწვანების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 16 მლნ. და დასუფთავებისთვის 51 მლნ. ასევე, ზოოპარკისა და ბოტანიკური ბაღის განვითარებისათვის მერია 4 980 100 ლარს გამოყოფს. 2017 წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ვერის ხეობისა და მზიურის პარკის სარეკრეაციო ზონების მოწყობის ხარჯები.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება 30 875 600 ლარი – მერია თბილისის ყველა რაიონისათვის გამოყოფს ბიუჯეტს, რათა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების წევრებმა შეძლონ საერთო სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, განახლება და შენარჩუნება. მაგალითად, ლიფტებისა და სახურავის, წყლისა და კანალიზაციების გაყვანილობების შეკეთება, სადარბაზოების რემონტი, პანდუსების დამონტაჟება და სხვა.

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 180 284 000 ლარი – ბიუჯეტი შემცირდა 30 023 900 ლარით. მერიის ინფორმაციით, კლება გამოწვეულია კომუნალური სუბსიდირების შემცირებით. სუბსიდირების წესის ცვლილების შემდეგ პროგრამით სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 001-ზე ნაკლებია). ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილია 41 770 200 ლარი, რომელშიც გათვალისწინებულია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის, ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებისა და ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის დაფინანასება. ასევე, მერია აგრძელებს სოციალური დაცვის ქვეპროგრამებს 18 წლამდე ასაკის ბაშვებისთვის.

განათლება 110 548 800 ლარი – ამ მიმართულებისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 3 714 900 ლარით გაიზარდა. ზრდა ძირითადად განპირობებულია მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებით, რისთვისაც 1 მლნ. ლარზე მეტი გამოიყოფა. ასევე, იზრდება განათლების 2 პროგრამის დაფინანსება – კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროექტებისათვის 500 000 ლარი გამოიყოფა. 94 907 100 ლარით ფინანსდება 166 საბავშვო ბაღი თბილისში. 2017 წელს დასრულდება 8 და დაიწყება 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა 28 266 100 ლარი – შემცირდა 886 200 ლარით. შემცირება გამოწვეულია იმით, რომ გაუქმდება ა(ა)იპ კულტურული ღონისძიებების ცენტრი და მის ფუნქციებს კულტურის საქალაქო სამსახური შეითავსებს. სპორტული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოიყოფა 1 507 500 ლარი. დაგეგმილია რამდენიმე სპორტული მოედნის განახლება.

300 600 ლარით მცირდება საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსება და მხოლოდ 3 399 400 ლარი იქნება. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება პროექტი “ცხოველთა მონიტორინგი”.

2017 წელს საპრემიო ფონდისა და ადმინისტრაციული ხარჯების 9 მლნ ლარით შემცირების შედეგად, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის 75 716 500 ლარი გამოიყოფა.

საკრებულოს დეპუტატებმა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერნციაზე უკვე შეაფასეს ბიუჯეტის პროექტი და მას თვითმმართველობის წინასაარჩევნოდ ქალაქის მთავრობის ინტერესებზე მორგებული უწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.

“ეს გახლავთ ბიუჯეტი, საიდანაც მიზანმიმართულად, ქართული ოცნების მხარდამჭერებს გამოეყოფათ კონკრეტული დაფინანსებები, ხოლო ის თბილისელები, რომლებიც არ ირიცხებიან მხარდამჭერებში, მათ კომუნალური გადასახადების მხარდაჭერაშიც უარს ეუბნება დავით ნარმანია,” – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მოითხოვს, თბილისის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იყოს 25 მლნ. პირგასამტეხლო, რათა ქალაქის მთავრობამ გაწყვიტოს კონტრაქტი “სითი პარკთან”. ის ქალაქის მერს, დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს ამ საკითხთან დაკავშირებით.

“უახლოეს დღეებში, სანამ ბიუჯეტი დამტკიცებულა, ახლა აქვს ამას [დებატებს] ფასი. დავსხდეთ ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერი ფორმატით, მე მზად ვარ მივიდე ჩემი დოკუმენტებით, ჩემი რეკომენდაციებით და რჩევებით და პირისპირ, პირდაპირ ეთერში დავუსაბუთო, რომ ტრანსპორტის სისტემა ვერ მოწესრიგდება ქალაქში, თუ არ გაწყდება კონტრაქტი “სითი პარკთან” და თუ არ შეიქმენა, შესაბამისად, პარკინგის ინფრასტრუქტურა,” – აცხადებს ელისაშვილი.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, როდის დაიწყებს საკრებულო ბიუჯეტის პროექტის განხილვას, ამ დროისათვის უცნობია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი