ახალი ამბები

“ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია” – პრეზიდენტის აქცენტები პარლამენტის პირველ სხდომაზე

18 ნოემბერი, 2016 • 1755
“ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია” – პრეზიდენტის აქცენტები პარლამენტის პირველ სხდომაზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის 18 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას, როდესაც დეპუტატებს სიტყვით მიმართავდა, “ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაციის” საშიშროებასა და კონტროლისა და ბალანსის მექანიზმის გამყარების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას გაუსვა ხაზი და  აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია.

“ქართულმა ოცნებამ” 2016 წლის საპარლამენტრო არჩევნებში 115 დეპუტატი შეიყვანა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. პარტია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას აპირებს. ამ საკითხის შესახებ თავის პოზიციაზე მიანიშნა პრეზიდენტმა დღევანდელ გამოსვლაში: მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს, მაგრამ მთავარი ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება, ამიტომ  კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევაა  აუცილებელიო, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავარი, რაც დღეს საქართველოს სახელმწიფოს სჭირდება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების  მექანიზმების გამყარებაა და არა  ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა. ბალანსისა და გაწონასწორების სისტემაზე საუბარი კი აზრს მოკლებულია, თუ სასამართლო პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი არ იქნება – დასძინა პრეზიდენტმა და სწორედ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება დაასახელა “ახალი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად”.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს, გააძლიეროს  მედიის (როგორც თვითონ უწოდებს – “მეოთხე ხელისუფლების”) დაცვის მექანიზმები და შექმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები. პრეზიდენტი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს “პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი”. მისი განცხადებით,  არავის არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.  

მოგვიანებით მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა საადვოკატო მომსახურება მათი უფლებების აღსადგენად. “პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში ამ პიროვნული ტრაგედიების არა გადაწყვეტა, არამედ მუდმივი პედალირება უფრო ხელს აძლევთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ ადამიანების უფლებების აღდგენა, ერთი მხრივ, სამართლიანობის საკითხია, ხოლო, მეორე მხრივ, რეალური წინაპირობაა “შერიგებული, უფრო სტაბილური” საზოგადოების შესაქმნელად. თავის გამოსვლაში მარგველაშვილმა, მისი შეფასებით, მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების – უმუშევრობისა და მძიმე სოციალური პირობების გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

სხვა საკითხები, რაზეც პრეზიდენტმა პარლამენტის პირველ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება და დეოკუპაცია იყო. მან პარლამენტს ამ მიმართულებით ერთიანი ხედვის ჩამოსაყალიბებლად ფართომასშტაბიანი დიალოგის დაწყება შესთავაზა. ასევე გაიხსენა, რომ გასულ წელს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად დიალოგის დაწყება შესთავაზა, თუმცა  კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღია მმართველ კოალიციას. ეს ფაქტი მარგველაშვილმა “უცნაურად” შეაფასა.

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი და პარლამენტს “რეალური პოლიტიკის წარმოებისაკენ” მოუწოდებდნენ. აქტივისტების ჯგუფებს შორის იყო სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია115”, რომელიც განათლების რეფორმას ითხოვს. საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრების პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს და ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს ცვლილებები, “რადგან არ გვაქვს დრო, რომ  მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ”. მან 2017 წელი “განათლების წლად” გამოაცხადა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი