ნეტგაზეთი | ლილოში ავტომობილმა მოზარდი გაიტანა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა ლილოში ავტომობილმა მოზარდი გაიტანა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა – Netgazeti

ლილოში ავტომობილმა მოზარდი გაიტანა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

დღეს, დაახლოებით 20:30 საათზე, ლილოს დასახლებაში ავტომობილმა არასრულწლოვანი გაიტანა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, ავტომობილმა ჯერ მოზარდი გაიტანა, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, ზარის მიღებიდან სასწრაფოს ბრიგადა ადგილზე მალევე გამოცხადდა, თუმცა მოზარდი  უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის პასუხსაც ველოდებით. შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ამავე მასალაში შემოგთავაზებთ.

Update: შსს-ის ცნობით, მძღოლის ვინაობა გარკვეულია და მას ამჟამად სამართალდამცველები კითხავენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, გამოძიება სსსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.