აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური
ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემას ან მიყიდვას, უფასო მომსახურების გაწევას ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით, გარდა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა. ამ მუხლის შესაბამისად ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უწყებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა. კერძოდ, აუდიტის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის” შეწირული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთი პირის შემოწირულობის შემთხვევაში გამოიკვეთა მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების ნიშნები. საკითხის ამომწურავად შესწავლის და შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.”
როგორც იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, პროკურატურა კახი ბიჭიკაშვილის საქმეს სწავლობს, რომელმაც მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი შეწირა. ბიჭიკაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მკვიდრია. ის ფერმერულ მეურნეობას ეწევა. არის ააიპ “აგრონოვაცია 2008”-ის დირექტორი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რა ტიპის თვალთმაქცურ გარიგებას ჰქონდა ადგილი მაშინ, როცა მან მმართველ პარტიას სოლიდური თანხა შეწირა.







