Interviewsახალი ამბები

ბრიუსელი, მოსკოვი- ეკლესიის არჩევანი თუ დიპლომატია? – ინტერვიუ მირიან გამრეკელაშვილთან

17 ნოემბერი, 2016 • 1792
ბრიუსელი, მოსკოვი- ეკლესიის არჩევანი თუ დიპლომატია? – ინტერვიუ მირიან გამრეკელაშვილთან

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების  ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ეკლესიას არასწორი წარმოდგენა ჰქონდა ევროატლანტიკური სტრუქტურების პოლიტიკის მიმართ რიგ თემებთან დაკავშირებით.  საპატრიარქოს განცხადების შესახებ შეკითხვები “ნეტგაზეთმა” თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს დაუსვა.

საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებით რიგ საკითხებთან მიმართებაში არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ –თქვენი აზრით, ეს განცხადება საპატრიარქოს მხრიდან რითაა გამოწვეული? რეალურად, ახლო დიალოგმა დაანახა საპატრიარქოს ევროკავშირის და ნატოს მიდგომები, თუ, უბრალოდ, დიპლომატიური განცხადებაა?

ძალიან დიდი ალბათობაა, რომ საპატრიარქოს ეს განცხადება გარკვეულწილად გულწრფელიც კი იყოს. წლების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქო საეკლესიო პრესის მხრიდან ევროკავშირისა და ნატოს დემონიზაციას არ ეწინააღმდეგებოდა და ირიბად ახალისებდა კიდეც. ხშირად დისკრიმინაციის ეს ფორმები სწორედ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ემყარებოდა. თუ ეს განცხადება გულწრფელია, მაშინ საპატრიარქო აღიარებს, რომ ის არ არის ინფორმირებული იმ უმთავრეს საკითხებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება, რომ არ ჰყავს კარგი ანალიტიკოსები, მრჩევლები, ან სულაც უცხო ენების მცოდნე ადამიანი, ვინც იმ ორგანიზაციებზე მიაწოდებდა კომპეტენტურ ინფორმაციას, რომელთა შესახებ ეკლესია ხშირად საუბრობს ხოლმე. თუმცა მთელი ამ მოვლენის უკან იკითხება გზავნილი, რომ საქართველოს საპატრიარქო კვლავაც ცდილობს, მოსახლეობის განწყობას უხეშად არ დაუპირისპირდეს და, რაც პირადად პატრიარქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – არ გადაიმტეროს მთავრობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საპატრიარქო საკმაოდ ლაბილური და მოქნილი ინსტიტუციაა. მისი სტრატეგია დიდი ხანია შემდეგია- არ კრძალავს, კონკრეტულმა სასულიერო პირებმა აკეთონ ანტისახელწიფოებრივი განცხადებები, მიემხრნონ რუსეთს, ან ლანძღონ ევრო-ატლანტიკური სტრუქტურები, თავად კი მუდმივად ერიდება მკაფიო პოზიციონირებას. ის თავის განწყობებს ხშირად ვაჭრობის თემადაც აქცევს, ან სულაც სიმბოლური პატივისცემისა და აღიარების სანაცვლოდ დატკბება ხოლმე, როგორც ეს, მაგალითად, შტეფან ფულეს ვიზიტისას მოხდა. შეგახსენებთ, რომ ამ ვიზიტს საბოლოოდ პატრიარქის განცხადება მოჰყვა, რომ ეკლესია  საქართველოს ევროინტეგრაციას ემხრობა. საპატრიარქოს ახალი მიდგომა მისი მხრიდან მრევლის წინაშე გარკვეულ განმარტების გაკეთებას გულისხმობს. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს განცხადების მთავარი შინაარსი, რომ ევროინტეგრაცია სანაცვლოდ არათუ, ასე ვთქვათ, “გაათეისტებას“ არ გვთხოვს, არამედ საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლებასა და ეკლესიის პრივილეგირებასაც კი არ ეწინააღმდეგება პრინციპული თვალსაზრისით.

მეორე მხრივ, თავად განცხადების შინაარს თუ დავაკვირდებით, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საპატრიარქო ამბობს, რომ ეს ხალხის გადასაწყვეტია, უარს ამბობს, პროაქტიულად თქვას, რომ ეს ქვეყნისთვის აუცილებელი ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენი აზრით, რაზე მეტყველებს ამგვარი ფორმულირება?

ის, რომ საპატრიარქო თავს არიდებს ხისტ პოზიციენირებას ქვეყნის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ტაქტიკური თვალსაზრისით ბრიყვული სულაც არ არის. ფაქტია, რომ საქართველოში პოლიტიკური ორიენტირები მთავრობებთან ერთად იცვლება. შესაბამისად, რომელიმე პოზიციისადმი გადაჭრითი, ჩაჯინებითი მიმხრობა შეიცავს რისკს, ცვლილებებს საპატრიარქოს რეიტინგიც შეეწიროს. აქედან გამომდინარე, ეკლესია სწორებას აკეთებს ხალხის მიერ საჯაროდ გამოხატულ ნებაზე, რადგან ამ შემთხვევაში ის ამ ნების დამყოლის როლში გამოდის და არა მკარნახებლის, რომელიც დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თუმცა, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ამგვარად წარმოდგენილი ურთიერთდამოკიდებულება, ეს  სხვა თემაა.

საპატრიარქოს აზრით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის განვითარება მოხდეს ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. ტრადიციულ ფასეულობებზე ხაზგასმა ახდენს თუ არა იმ სტერეოტიპების კვლავწარმოებას, რომელიც ისედაც არსებობს, თითქოს ევროინტეგრაცია საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებსა და ფასეულობებს?

განცხადების ამ ნაწილში საპატრიარქო დასაწყისში, ფაქტიურად, იმეორებს იმ მიზნებს, რის გამოც ქვეყანა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაადგა. ესენი კი გახლავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის/დამოუკიდებლობის გარანტირება. ანუ ამ ნაწილში ეკლესიას პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება ტრადიციულ ფასეულობებზე სწორების ხაზგასმას, ეს უკვე მისი შიშების გამომხატველი ფორმულირებაცაა და, ამავე დროს, მისი მხრიდან გაწეულ ერთგვარ რეკომენდაციასაც წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, შიში უსაფუძვლო არ არის, რადგან თუ საქართველო თვისობრივად გახდება ევროპული სახის სახელმწიფო, მაშინ ეკლესიის პოლიტიკური გავლენა შესუსტდება, ან მინიმუმ ამ გავლენის შესანარჩუნებლად მას დიდი შრომის გაწევა მოუწევს. საპატრიაქოს ესმის, რომ ასეთი, თავისუფალი კონკურენციის პირობებში ის ბევრის შემძლე არაა. მაგრამ არსებობს მეორე მოდელიც – საქართველოს შეუძლია, უბრალოდ, სტრუქტურული თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, “შეძვრეს“ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და ამის სანაცვლოდ ე.წ. “ტრადიციული წყობის“ შეცვლა არ მოუხდეს. ის ამბავი, რომ საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს სამღვდელოებას გონება გაუნათდა. სწორედ ამიტომ, სტერეოტიპების კვლავწარმოება მომხრეების მოსაზიდად ეკლესიისათვის ისევ აპრობირებულ მეთოდად რჩება და მასზე უარს არ ამბობს. ფაქტია, რომ ჩვენს სივრცეებს შორის არსებობს კულტურული განსხვავებები, რომლებიც მოსახლეობას შიშს ჰგვრის. საჭიროების შემთხვევაში ეკლესია ამ შიშების გამოყენებას შეეცდება.

საპატრიარქოს განცხადებაში ცალსახად რუსეთი ნახსენები არ არის, მაგრამ ისინი წერენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფოსთან საქართველოს მეგობრული და კეთილშობილური ურთიერთობა იქნას ჩამოყალიბებული- როგორ იკითხება ეს მესიჯი? ნიშნავს თუ არა, რომ საპატრიარქოსთვის მნიშვნელოვანი რუსეთთან ურთიერთობები უფროა, ვიდრე დასავლეთთან?

სწორად შენიშნეთ საპატრიარქოს განცხადების გზავნილი ამ კუთხით. როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, საქართველოს საპატრიარქო დაინტერესებულია, კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, როგორც ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან. ამ ორიდან საპატრარქოსთვის რომელთან სიახლოვე უფრო მნიშვნელოვანია, მე მგონი, ცალსახად ცხადია. ყოველ შემთხვევაში ნაკლებად სარწმუნოა, რომ ჩვენი იერარქების ბრიუსელში ჩასეირნებით საპატრიარქო გეზს იცვლის და დიდი გაგებით რუსეთის ინტერესების გამტარი აღარ იქნება.

ჩვენ ვიცით რომ ილია მეორე მოსკოვში მიემგზავრება რუსეთის პატრიარქის იუბილეზე. დასავლეთთან და რუსეთთან პარალელურ რეჟიმში ამგვარი ურთიერთობა რაზე მეტყველებს, შეიძლება თუ არა საპატრიარქოს შიგნით აზრთა სხვადასხვაობაზე ვისაუბროთ? თუ ეს ჩვეული დიპლომატიაა, რომელსაც ორივე მხარის მიმართ ავლენს საპატრიარქო? თუ ასეა, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას?

დიახ, კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში ნამდვილად ჩადის რუსეთის პირველი ერარქის იუბილეზე, თუმცა მანამდე ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება. ორმაგი სტანდარტები საპატრიარქოს დიპლომატიის ჩვეული ნიშანია, თუმცა, ამ შემთხვევაში, დასავლური სტრუქტურებისადმი სიმბოლური მხარდაჭერის გამოცხადება, ალბათ, უფრო სახელმწიფოს ირიბი დაკვეთაა, ვიდრე გულწრფელი სულისკვეთება. რაც შეეხება ეკლესიის შიგნით არსებულ განსხვავებულ პოლიტიკურ გემოვნებას, ეს, რა თქმა უნდა, ასეა. თუმცა პროდასავლური ორიენტაციის მქონე სასულიერო პირთა რაოდენობა მცირეა და არც თავიანთ ხედვებში არიან მყარად ჩამოყალიბებულნი. შესაბამისად, რიგ გადაწყვეტილებებზე ისინი გავლენას ვერ ახდენენ, მაგრამ მათი გაუთვალისწინებლობაც არ ეგების. შედეგი, როგორც ყოველთვის, იგივე იქნება – სანამ საქართველოს მთავრობა საპატრიარქოს ერთგული მსახურია, ეს უკანსკნელი ყოველთვის მოგებული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი