საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უკან გამოითხოვა – ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
საქმე “ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის თებერვალში შევიდა. მოსარჩელეები – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები: მერაბ ტურავა, თამარ ლალიაშვილი, ნინო გვენეტაძე და მურმან ისაევი არიან. საქმე ეხება 2005 წელს უზენაესი სასამართლოდან მათ დათხოვნას.
მას შემდეგ, რაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოდან გაგზავნილი ათასობით საქმის უმრავლესობის მორიგებით დამთავრებასა და სტრასბურგის სასამართლოს ქართული საქმეებისგან განტვირთვას აპირებდა. სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ მორიგების შესახებ შეთავაზებას ნინო გვენეტაძე არ გამოხმაურებია. მისივე თქმით, მორიგებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მორიგებით 69 საქმე დასრულდა, საიდანაც, უმეტესობა 2013 წელს და შემდეგ განხორციელდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ლალიაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას განაცხადა, რომ ნინო გვენეტაძე სამინისტროსთან მორიგებას დათანხმდა:
“იუსტიციის სამინისტროს პოზიცია იყო ის, რომ მან აღიარა ჩვენ მიმართ უფლებების დარღვევა, მაგრამ სანაცვლოდ შემოგვთავაზა გარკვეული თანხა. პირველი შემოთავაზება ჩვენ მიმართაც, ქალბატონი ნინოს, მერა ტურავას და მურმან ისაევის მიმართაც იყო 5000 ევრო და მორიგების პროცედურა სახელმწიფოსთან. ქალბატონმა ნინომ ეს მორიგება, ანუ აღიარება მიიღო და, შესაბამისად, აღარ აგრძელებს დავას ევროპულ სასამართლოში,”- განაცხადა თამარ ლალიაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ არც გვენეტაძეს, არც ტურავას და არც ლალიაშვილს მორიგებით არ უსარგებლიათ.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ საიდან გაჩნდა ის 5 000 ევრო, თამარ ლალიაშვილმა უპასუხა, რომ სამინისტროს განმარტებით, ზოგადად, მორიგების თანხად განისაზღვრა სტრასბურგის მიერ დაზარაებულად ცნობილი პირების კომპენსაციის საშუალო ოდენობა.