ახალი ამბები

შეხვედრა პარლამენტის უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად

16 ნოემბერი, 2016 • 1545
შეხვედრა პარლამენტის უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად

დღეს, 16 ნოემბერს, საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად, მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტების წევრებისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით მიღება გაიმართა. მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრების ნაწილი.

მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სამსახური არ არის პრივილეგია და ჯილდო:

“დღევანდელი შეკრებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ თითოეული ჩვენგანი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას ვეკუთვნით, ვართ გამარჯვებული თუ ვართ დამარცხებული ამ კონკრეტულ არჩევნებში, ვემსახურებით საქართველოს. სახელმწიფო სამსახური არ არის პრივილეგია და ჯილდო, ეს არის საპატიო შრომა. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივცეთ იმედი, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, ჰყავდა ხელისუფლება, ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც გაუძღვება ქვეყანას, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგი არჩევნების ჩატარებას და ასე გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება. ჩვენ აღარ გვექნება სახელისუფლებო წყვეტები და ისეთი მოვლენები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ პარლამენტშიც და ამ კედლებშიც ვითარდებოდა,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას სურს, პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს:

“მე და ჩემი გუნდის მხრიდან  ყველანაირად შევუწყობთ ხელს იმას, რომ მაქსიმალურად მეტი სამუშაო ვითარება შეიქმნას, უკეთესი და კარგი კანონპროექტები განიხილებოდეს პარლამენტში.”

პარლამენტის მოქმედი ვიცესპიეკრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, დღევანდელი დღე პარლამენტის, როგორც მემკვიდრეობითი ინსტიტუტის, აღნიშვნის დღეა:

“ახალი პარლამენტის წევრებს ვურჩევდი, მეტი იმუშაონ იმისთვის, რომ პარლამენტმა, როგორც ინსტიტუტმა, ძალიან კარგად და წარმატებულად იფუნქციონიროს. ისეთი კვალიფიციური ახალი დეპუტატები გვყავს, რომ ეს აუცილებლად მოხდება.”

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პარლამენტი არის ადგილი, სადაც მსჯელობენ, კამათობენ, შრომობენ და ზოგჯერ ჩხუბობენ. მისივე განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსი” საზოგადოების ხმა იქნება პარლამენტში:

“პარლამენტის წევრებს ერთმანეთთან ურთიერთობა გვექნება სხვადასხვა საკითხებზე, სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა გვექნება, ზოგი ჩვენი თანამოაზრე გახდება, ზოგის თანამოაზრე ჩვენ გავხდებით. სასარგებლო კანონპროექტებს მხარს დავუჭერთ, არასასარგებლოს გავაპროტესტებთ. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წევრი გვყავს და  ზეგავლენას ვერ მოვახდენთ გადაწყვეტილებებზე, ჩვენ ვიქნებით საზოგადოების ხმა პარლამენტში. ეს ძალიან საპასუხისმგებლო ფუნქციაა.”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელიც ახალი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, ამბობს, რომ დავით უსუფაშვილთან კონსულტაცია ღირებული იქნება:

“უნდა გაგრძელდეს ის პოზიტიური ტრადიციები, რომელიც უკვე დამკვიდრებულია პარლამენტში. დავით უსუფაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარლამენტარიზმის განვითარებაში, დემორკატიული პროცესების განვითარებაში. თავმჯდომარის საქმიანობის შესახებ მასთან კონსულტაცია იქნება ძალიან ღირებული. ”

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ. დღეს, 16 ნოემბერს ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. “ქართულ ოცნებას” სხდომის გამართვა 18 ნოემბერს სურს, თუმცა სხდომა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

 შეხვედრა პარლამენტის უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად

 

 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი.

 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი.

 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი