ახალი ამბები

სოფიო კილაძე “გირჩის” განცხადებაზე: ეს მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციაა

16 ნოემბერი, 2016 • 1587
სოფიო კილაძე “გირჩის” განცხადებაზე: ეს მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციაა

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე, სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ “გირჩის” განცხადება ოფისში მარიხუანის დათესვის შესახებ მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციაა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

სოფიო კილაძის განცხადებით, “გირჩმა” მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს განცხადებების გაკეთებისას:

“ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ვერ დავეთახნმებით. ჩვენმა გუნდმა წინასაარჩევნო პროგრამაში ჩაწერა, რომ  კონკრეტული სასჯელის ლიბერალიზაციას ვემხრობით ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ იმ განცხადებებს, რომლებსაც აკეთბენ.  დაანონსებული აქცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციაა და ეს არ არის სწორი,” – განაცხადა სოფიო კილაძემ და აღნიშნა, რომ მარიხუანა არასოდეს გაუსინჯავს.

მისივე თქმით, თუ ეს აქცია განხორციელდება, სახელმწიფომ კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს:

“მე კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. თუ ისინი ამ ინიციატივას განახორციელებენ, სამართალდამცავი ორგანოები  კანონის საფუძველზე იქნებიან  ვალდებული შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ.  თუმცა, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ გირჩი თავს შეიკავებს ასეთი მოქმედებებისგან, რადგან ეს პოპულარიზაცია არის.”

“ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ხელისუფლება ახალ წლამდე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას არ შეცვლის, 2016 წლის 31 დეკემბერს გირჩის ოფისში საჯაროდ დათესავენ მარიხუანას. ამის შესახებ მან დღეს, 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე სოფიო კილაძეს წარადგენენ – ამის შესახებ განცხადება „ქართულმა ოცნებამ” 14 ნოემბერს გაავრცელა.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი