ახალი ამბებიეკონომიკა

ჭიაბერაშვილი: მთავრობამ არ იცის, ლარის კრიზისიდან გამოსავალი სად და როგორ მოძებნოს

15 ნოემბერი, 2016 • 1690
ჭიაბერაშვილი: მთავრობამ არ იცის, ლარის კრიზისიდან გამოსავალი სად და როგორ მოძებნოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა მთავრობის დღევანდელ განცხადებას ლარის კრიზისთან დაკავშირებით. ჭიაბერაშვილის თქმით, ტყუილია ყველა ის პუნქტი, რასაც მთავრობა აღწერს ლარის გაუფასურების მიზეზად. ასევე, ბუნდოვანია მთავრობის შესაბამისი დაპირებები.

“სამწუხაროდ, ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად ის ხდება, რაზეც წლებია მთავრობას ვაფრთხილებთ, რომ ბიუჯეტის ასეთი უყაირათო და დეფიციტური ხარჯვა, შიდა ვალების აღება, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ქვეყანას ასეთ სავალალო შედეგებამდე მიიყვანდა… დღეს  ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს მთავრობის განცხადება. ის გაჯერებულია ტყუილებით და არაკომპეტენტური მოსაზრებებით. მანამდეც არაერთი ტყუილი მოგვისმენია. გაგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში, როდესაც ლარი მკვეთრად დაეცა, კვირიკაშვილმა და ხადურმა ქამრების შემოჭერის პროგრამა გამოაცხადეს, მაგრამ არაფერი ამ მიმართულებით არ გაკეთებულა. ისინი დღეს აცხადებენ, რომ იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მთავრობაში მოვიდა, ეკონომიკური ზრდა განულებულია.

ამიტომ, დღესაც ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას თავი დაანებოს ტყუილებს და  ბიუროკრატიული ხარჯები შეკვეცოს, ბიუჯეტი ყაირათიანად და თანაზომადად ხარჯონ, შეწყვიტონ შიდა ვალების აღება და გადადგან ნაბიჯები ისეთი ეკონომიკური პოლიტიკისკენ, რომელიც მათ მავნებლურ ნაბიჯებს გაანეიტრალებს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მან პუნქტობრივად განიხილა მთავრობის დღევანდელი განცხადება:

  • ამბობენ, რომ მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციაა. დაგვისახელონ სად ხდება ეს?!  არ შეიძლება განცხადებაში მთავრობამ თქვას რაღაც, რასაც ვერ ასაბუთებს. ეს ტყუილია.
  • როცა აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილია სავალუტო გადინებები, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით, უნდა შევხედოთ საქტატის მონაცემებს, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა. აქ აღნიშნულია, რომ ექსპორტი 7%-ით შემცირებულია. მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ექსპორტი უნდა წახალისდეს, ამისთვის მილიონობით ლარია გადაყრილი, ექსპორტი მცირდება.  იმპორტიც მცირდება. თვითონ საქტატიც ამბობს, რომ თუ გამოვაკლებთ C ჰეპატიტს სამკურნალოდ ნაჩუქარ მედიკამენტებს, იმპორტი შემცირებულია 2%-ით, ანუ ის, რომ თითქოს იმპორტი გაიზარდა და ამის გამო მეტი ვალუტა გადის, ტყუილია.
  • სასესხო პორტფელის გადაჭარბებით დოლარიზაციო, წერენ. დოლარიზაციის მაჩვენებელი საქართველოში თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე იყო, მაშინ დავსვათ შეკითხვა, 2003-დან 2012 წლამდე რატომ მყარდებოდა ლარი?
  • საუბრობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზეგაიზრდება ინფრასტუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირებარა განცხადება გააკეთა 2015 წელს პარლამენტში კვირიკაშვილმა, როცა 4-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინაახსენეს ქამრების შემოჭერა?! ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება?! ფუფუნების საგნებზე უარის თქმა?!  და რა გააკეთეს?! შედეგი ნულია.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობა ერთსა და იმავეს ამბობს და რეალურად არაფერს აკეთებს. 

“მათ არ იციან, მდგომარეობიდან გამოსავალი სად და როგორ მოძებნონ,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 15 ნოემბრის გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.4890 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი