დღეს ბათუმში ქართული საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნების“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და ერთი წლის წინ მოკლული გიორგი ლალიაშვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯა მოითხოვეს.
„ჩვენი მოთხოვნაა, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩხუბში მონაწილეობდა. 6 კაცი რომ ერთს სცემს და იღუპება ადამიანი, უკვე მნიშვნელობა არა აქვს, დანა ვინ დაარტყა. ყველა მონაწილე არის. კასტეტიც მოხვდა გიორგი ლალიაშვილს, ფეხიც მოხვდა და ბოლოს დანამ მოკლა. ვინც დანა დაარტყა, ის დაისაჯა. დაჭერილია, მაგრამ დანარჩენებმა არ უნდა ისეირნონ ასე თავისუფლად. ეს უსამართლობაა და ამ უსამართლობის გამო ვართ შეკრებილები,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ქართული საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნების“ წევრმა ზურაბ შავერდაშვილმა.
გიორგი ლალიაშვილი 2011 წლის 23 აგვისტოს ბათუმის ბულვართან მოკლეს. სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულად ლევან ნინუა სცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩხუბის სხვა მონაწილენი სასამართლოზე მხოლოდ მოწმის სტატუსით წარსდგნენ.