ახალი ამბები

პირველი მრავალპარტიული პარლამენტის დეპუტატების დისკუსია 26 წლის შემდეგ

14 ნოემბერი, 2016 • 2495
პირველი მრავალპარტიული პარლამენტის დეპუტატების დისკუსია 26 წლის შემდეგ

14 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების მიერ არჩეული უზენაესი საბჭოს წევრებისა და შემდგომი პარლამენტების წევრთა ჯგუფის 26 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეკრება გაიმართა, სადაც ყოფილმა დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც იმსჯელეს.

ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდია გაიხსენეს, ხოლო შემდეგ გიზო კორძაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი, რომლის გარდაცვალებიდანაც 40 დღე გავიდა.

1990 წელს არჩეული დეპუტატები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ზვიად გამსახურდიას. 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

1990 წელს არჩეული დეპუტატები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ზვიად გამსახურდიას. 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

პირველი მოწვევის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ყოველდღიურად ერის დეგრადაცია მიმდინარეობს  და  დროა, სამართლიანი ნაბიჯები გადაიდგას. მათი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს სამართლიანობა, რომელიც 1992 წლის გადატრიალებამ მოუტანა ქვეყანას.

“უკანონოდ თუ კანონიერად, ისინი ხალხის ლეგიტიმაციით სარგებლობენ,” – ასე ულოცავენ და, ამავდროულად, უსამძიმრებენ საქართველოს პირველი დეპუტატები მოქმედ პოლიტიკურ სუბიექტებს 2016 წლის არჩევნების ჩატარებას.

საქართველოს პირველი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დღეს 14 ნოემბერი ბევრმა დაივიწყა, რაც მათ გულისტკივილს იწვევს.

“ეს არის დღე, როდესაც ქართული სულით არჩეული პირველი მრავალპარტიული პარლამენტის სხდომა შედგა. ბევრი რამ დავიწყებულია და ყველა ახალ ველოსიპედს იგონებს. ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი პირველი პარლამენტის წევრი, რომელიც ხელს აწერდა ეროვნულ დოკუმენტებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ მოვნახეთ საერთო ენა, რამაც ქვეყანა მოიყვანა იქამდე, სადაც ვართ. დღეს შეიძლება სხვა ქვეყანაში ვყოფილიყავით იმიტომ, რომ ეს არის ინტელექტის ქვეყანა, მოაზროვნე ადამიანების ქვეყანა. ვისაც მაშინ დაპირისპირება გვქონდა, ძირითადმა ნაწილმა დღეს მოვნახეთ საერთო ენა,” – ამბობს პირველი მოწვევის დეპუტატი თემურ შაშიაშვილი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ქუთაისის მერი და იმერეთის რაიონის გუბერნატორი გახდა, ხოლო 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

პირველი არჩევნების ჩატარებიდან 26 წლისადმი მიძღვნილი შეკრება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამი

პირველი არჩევნების ჩატარებიდან 26 წლისადმი მიძღვნილი შეკრება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა ყოფილი უზენაესი საბჭოს, პარლამენტისა და მეცნიერების სახელით ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რითიც 1992 წლის გადატრიალების სამართლებრივ შეფასებას მოითხოვენ.

“ქვეყნის განვითარება შეაჩერა უკანონო გადატრიალებამ. ერთი მხრივ, ომია რუსეთთან და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით სახელმწიფო გადატრიალებები, რაც არის ჩვენი ამჟამინდელი კრიზისის მიზეზი. ეს არც სამართლებრივად არის შეფასებული და დღემდე გრძელდება მათი როლის დაკნინენა,” – ამბობს მეცნიერებათა საინიციატივო ჯგუფის წევრი პაატა გიორგაძე.

ყოფილი დეპუტატები ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალს წესიერი და პატრიოტი ხალხის მოსვლაში ხედავენ: “რელიგიითა და კულტურით საქართველო დიდი ხნის წინ გახდა ევროპის ნაწილი. დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომში მოპოვებული გამარჯვებით იხსნა ევროპა.”

პაატა გიორგაძე მიმართავს ყოფილ დეპუტატებს. პირველი არჩევნების ჩატარებიდან 26 წლისადმი მიძღვნილი შეკრება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამი

პაატა გიორგაძე მიმართავს ყოფილ დეპუტატებს. პირველი არჩევნების ჩატარებიდან 26 წლისადმი მიძღვნილი შეკრება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამი

ზვიად გამსახურდიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ 2016 წლის 8 ოქტომბერს გამოხატა თავისი ნება, რითაც დაიწყო დემოკრატიული განვითარება. თუმცა აღნიშნავენ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამხობის სამართლებრივი შეფასების გარეშე არაფერი გამოვა.

ღონისძიების დასაწყისში პაატა გიორგაძესა და ყოფილ დეპუტატ, გენერალ ტარიელ ფუტკარაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. გიორგაძე საუბრობდა “ქვეყნის შიდა მტრებსა და აგენტებზე, რომლებმაც გამსახურდია გაყიდეს, ხოლო ფუტკარაძემ ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფად მიიღო და დაუპირისპირდა ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს. მისი დამშვიდება ამერიკის დროშიანი ბაბუს სახელით ცნობილმა ომარ მაღლაქველიძემ სცადა, რომელიც დაუგეგმვად აღმოჩნდა დღევანდელ ღონისძიებაზე.

ავთანდილ რცხილაძე და ტარიელ ფუტკარაძე, პირველი მოსვევის პარლამენტარები. პაატა გიორგაძე მიმართავს ყოფილ დეპუტატებს. პირველი არჩევნების ჩატარებიდან 26 წლისადმი მიძღვნილი შეკრება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამი

ავთანდილ რცხილაძე და ტარიელ ფუტკარაძე, პირველი მოწვევის პარლამენტარები. 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამი

შეკრებაზე ასევე იმყოფებოდა ანჩისხატის მოძღვარი თომა (შავთვალაძე), რომელმაც განაცხადა, რომ გამსახურდიას დროს სიყვარული, რწმენა და ურთიერთპატივისცემა გაცილებით მეტი იყო საზოგადოებაში, ვიდრე ახლა:

“საჭიროა დაბრუნება ამ ყველაფრის, მიტევება და რეალური საქმის კეთება. გლოცავთ და დროებით გემშვიდობებით,” – განაცხადა მღვდელმა, რომელსაც დარბაზში მოტანილი დიდი სანთლის ანთების საშუალება ბიბლიოთეკის განაწესით არ მიეცა.

ანჩისხატის მოძღვარი, თომა (შავთვალაძე) მიმართავს პირველ დეპუტატებს. ავთანდილ რცხილაძე და ტარიელ ფუტკარაძე, პირველი მოსვევის პარლამენტარები. 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამი

ანჩისხატის მოძღვარი, თომა (შავთვალაძე) მიმართავს პირველ დეპუტატებს. 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამი

საქართველოს პირველი მოწვევის დეპუტატები და საბჭოს წევრები ასევე განიხილავდნენ აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება იმედის მომცემია მთელი მსოფლიოსთვის.

“კარგია, იმ კაცმა რომ გაიმარჯვა ამერიკაში და არა იმ კუდიანმა ქალმა,” – აცხადებს ზვიად გამსახურდიას გუნდის წევრი ავთანდილ რცხილაძე, თელავის მაჟორიტარი საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტში.

კიდევ ერთი პირველი მოწვევის პარლამენტარის, თეიმურაზ ქორიძის თქმით, სასიამოვნოა, როდესაც მილიარდერი ტრამპი უარს ამბობს ხელფასზე და მხოლოდ სიმბოლურ 1 დოლარს ითხოვს. ყოფილი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილს 1990 წელს არავინ აირჩევდა.

“მაშინ მილიარდერს არავინ აირჩევდა იმიტომ, რომ სხვა ღირებულებების საზოგადოება იყო,” – ამბობს ქორიძე.

მისი თქმით, მაშინდელი მთავრობა, ისევე როგორც ტრამპი, არ მოსულა ხელისუფლებაში ფულის საკეთებლად. ქორიძე იხსენებს, თუ როგორ უთხრა არჩევნებში გამარჯვების დღეს ზვიად გამსახურდიამ, ნუ მილოცავო:

“გამსახურდია ამბობდა, რომ ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და არა მისალოცი ამბავი. მის სახეზე ხელისუფლებაში ყოფნისას ღიმილი არავის უნახავს.”

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კახა კუკავა და მანუჩარ მაჩაიძე, რომლებიც არ ყოფილან პირველი მოწვევის პარლამენტის წევრები.

საქართველოს უმაღელი საკანონმდებლო ორგანოს პირველი მოწვევის დეპუტატები “ქართული ერთობის” დარბაზი ყოველ პარასკევს, 18:00 საათზე აპირებენ შეკრებას და სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას.

პირველი არჩევნების ჩატარებიდან 26 წლისადმი მიძღვნილი შეკრება. . 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამი

პირველი არჩევნების ჩატარებიდან 26 წლისადმი მიძღვნილი შეკრება. . 14.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამი

საქართველოს სსრ-ში პირველი მრავალპარტიული არჩევნები 1990 წელს ჩატარდა. პირველი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში რეგისტრირებული იყო 3 444 002 ადამიანი, საიდანაც ხმა 2 506 742–მა (69.88%) მისცა. არჩევნებში ზვიად გამსახურდიას პარტიამ 54%–იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა – “მრგვალი მაგიდა – თავისუფალ საქართველოს”155 საპარლამენტო მანდატი ერგო წილად. მეორე ადგილზე გავიდა “საქართველოს კომუნისტური პარტია” 30%–ითა და 65 მანდატით.

პირველ პარლამენტში, ჯამში, 250 დეპუტატი შევიდა, საიდანაც მხოლოდ 13 იყო ქალი. 1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ახლად არჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია გაიმართა, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი