ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტში დაკავებულები კლუბის “მტკვარზე” მფლობელი და თანამშრომლები არიან

14 ნოემბერი, 2016 • 2264
ქუთაისის აეროპორტში დაკავებულები კლუბის “მტკვარზე” მფლობელი და თანამშრომლები არიან

ქუთაისის აეროპორტში დაკავებული “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი კლუბის “მტკვარზე” მფლობელი ქეთა გაბუნიაა. როგორც გაბუნიამ ნეტგაზეთს განუცხადა, მასთან ერთად დაკავებულია კლუბის 5 თანამშრომელი.

“კარგად ვართ. ერთი კვირით ვიყავით ბერლინში, ჩამოვედით ქუთაისის აეროპორტში და დაგვაკავეს მხოლოდ ჩვენ, მე და ჩემი 5 თანმხლები პირი. გვითხრეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაგვაკავეს იმიტომ, რომ გადმოგვქონდა ნარკოტიკული საშუალებები. დაგვაკავეს იმ ადამიანის განცხადების საფუძველზე, რომელიც თავად ბერლინში იმყოფება, რადგან მათი საუბრიდან გამომდინარე, ეს დასკვნა გამოვიტანეთ ყველამ. გაგვჩხრიკეს და ახლა წამოგვიყვანეს ტომოგრაფიის გადასაღებად, რამე ხომ არ გვაქვს გადაყლაპული და ასე ხომ არ გადმოგვაქვს საზღვარზე. ტომოგრაფიაზე ჯერ არც ერთი არ შევსულვართ’, – გვითხრა ქეთა გაბუნიამ.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ინფორმაციით, დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პოლიციამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტი და მისი თანმხლები პირები დააკავა. მოძრაობის ცნობით, დაკავებულები არიან თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელებმა დაკავებულების ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს. მას შემდეგ კი, “რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, გადაიყვანეს ტომოგრაფიის გადასაღებად”, – აცხადებენ “თეთრი ხმაურის მოძრაობაში”.

“ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს, რომ ქუთაისის აეროპორტში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიება მიმდინარეობს, თუმცა დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. როგორც უწყებაში ამბობენ, მომხდართან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი