ახალი ამბები

მაია მიმინოშვილი არჩევნებზე მასწავლებელთა გამოყენებაზე საუბრობს

22 აგვისტო, 2012 •
მაია მიმინოშვილი არჩევნებზე მასწავლებელთა გამოყენებაზე საუბრობს

“მტკივნეულია, როცა მასწავლებელი პირველ რიგში საარჩევნო ხმად, სახელისუფლებო რესურსად განიხილება. როდესაც, ადამიანებს, რომლებსაც დიდ ტვირთი და მინიმალური დაფასება აქვთ, ზემდგომი უწყება მხოლოდ მუქარის ენით ესაუბრება. ვხვდები, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ძალისხმევა ნამდვილად არ იყო საკმარისი იმ რეალობის შესაცვლელად, რომელიც ყველას ძალიან გაწუხებს. ვეცადეთ, თუმცა შედეგად რაც მივიღეთ, თქვენც იცით… და რადგან გულახდილობა ჩვენი უერთიერთობის წესი იყო, მინდა დღესაც პირდაპირ გითხრათ – ჩემო კარგებო, სისტემას, რომელსაც ემსახურებით, შეცვლა სჭირდება. შველა სჭირდება მთელ ქვეყანას და სწორედ ამიტომ უფლება არ გვაქვს არ ვიყოთ გულახდილები მთელი ერის, ქვეყნის წინაშე. სწორედ ამიტომ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გულწრფელი არჩევანი და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რაც ნაკარნახევი იქნება არა შიშით, ან ვიღაცის წინაშე ვალდებულებით, არამედ ჩვენი გულისა და გონების კარნახით. მეც თქვენთან ერთად ველი უკეთეს მომავალს, ველი იმ დღეს, როცა პედაგოგის ერთადერთი საზრუნავი კარგი გაკვეთილის დაგეგმვა იქნება. ვეცადოთ, რომ ეს დღე მალე დადგეს…”- წერს მიმინოშვილი. 

 

მასწავლებელთა არჩევნებში გამოყენების საკითხზე რამდენიმე დღის წინ რუსთავში გამართულ აქციაზე ისაუბრა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმაც და პედაგოგებს მოუწოდა, არ გამოაყენებინონ ხელისუფლებას თავი არჩევნებში. 

 

“განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ  ამ გაყალბების მთავარ მონაწილეებად და შემსრულებლებად ხელისუფლებამ მასწავლებლები გაიხადა. ხალხო, როგორ უნდა გაბედონ ჩვენი შვილების აღზრდა იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბავშვებს გაუყალბეს მომავალი. საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. მასწავლებლებო, შეასრულეთ თქვენი მთავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით  ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში, ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას, ნუ მისცემთ უფლებას თქვენზე იბატონოს! მასწავლებლებო, გათავისუფლდით! დაშინებული მასწავლებელი  თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის!”- განაცხადა მაშინ ივანიშვილმა. 

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მიმდინარე წლის მაისში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გაათავისუფლა. გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ სამსახური ცენტრის 60– მდე თანამშრომელმა დატოვა. მას შემდეგ მაია მიმინოშვილმა და ცენტრის სხვა თანამშრომლებმა განათლების სისტემაში არაერთი წარუმატებელი რეფორმისა და დარღვევის შესახებ გააკეთეს განცხადება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი