ახალი ამბები

მანანა კობახიძე: პარლამენტში რაიმე თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ

14 ნოემბერი, 2016 • 1249
მანანა კობახიძე: პარლამენტში რაიმე თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე განაცხადა, რომ არ აპირებს, მე-9 მოწვევის პარლამენტში თანამდებობა დაიკავოს.

მანვე დაადასტურა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მართლაც შესთავზა მას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა, თუმცა “გარკვეული მოსაზრებების” გამო უარი თქვა. მანანა კობახიძე ხაზს უსვამს, რომ ეს მისი “პირადი გადაწყვეტილებაა”.

“ბოლო დღეებია არ ცხრება ჟურნალისტების ინტერესი ჩემს საპარლამენტო თანამდებობასთან დაკავშირებით, ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციაც გაავრცელეს. ვინაიდან, შესაძლოა, საზოგადოებასაც ჰქონდეს გარკვეული კითხვები, საჭიროდ ჩავთვალე, გაუწყოთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ვაპირებ -დავიკავო რაიმე თანამდებობა. აქვე ვადასტურებ, რომ გუნდის მხრიდან, უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ნამდვილად იყო შემოთავაზება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ გამოხატული მაღალი ნდობაა და ამისთვის მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო თანაგუნდელებს და პირადად პრემიერს! თუმცა, გარკვეული მოსაზრებების გამო, მე უარი ვთქვი აღნიშნულ შემოთავაზებაზე.

მე ადამიანის უფლებებს ვიცავდი წლების განმავლობაში, პარლამენტის წევრად არჩევამდეც, ვიცავ ახლაც დეპუტატის პოზიციიდან და გავაგრძელებ, მაშინაც კი, როცა ამოვწურავ სადეპუტატო უფლებამოსილებას. ეს ჩემი პროფესიაა, ჩემი საქმეა, რომლის კეთებასაც, ვფიქრობ, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების გარეშეც წარმატებით შევძლებ. ჩვენთვის არასდროს ყოფილა მთავარი რაიმე თანამდებობა, ჩვენ გავერთიანდით უმთავრესი მიზნისთვის- დაგვემარცხებინა უსამართლობა და გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, სწორედ თითოეული თქვენგანის ძალისხმევით და საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ვისარგებლოთ ყველაზე ფართო, საპასუხისმგებლო და საპატიო მანდატით, რასაც საქართველოს პარლამენტის წევრობა ჰქვია!

სწორედ ამიტომ, ყოველგვარი დამატებითი რეგალიების გარეშეც შევძლებ აქტიურად გავაგრძელო პოლიტიკური საქმიანობა და მუშაობა ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადასაჭრელად. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ღირსეულ და კვალიფიციურ კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც ექნება ჩემი ხმაც და მხარდაჭერაც, ისევე, როგორც ყველა დასახელებულ კანდიდატს. მე დღეისათვის, კვლავ ვრჩები ჩემს გუნდში, პარტიაში და პოლიტსაბჭოშიც და ვემზადები ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომისთვის!”- წერს მანანა კობახიძე.

“ქართულმა ოცნებამ”  6 ნოემბერს კომიტეტების თავმჯდომარეების, ასევე, ვიცე-სპიკერის პოზიციებზე წარსადგენი კანდიდატების სია გამოაქვეყნა. ამ სიაში არ იყო დასახელებული ადამიანის უფლებათა და სპორტის კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატები.

მანანა კობახიძე მერვე მოწვევის პარლამენტში საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. მე-9 მოწვევის პარლამენტში მას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი