დაახლოებით ერთი თვის წინ ამ კომპლექსის მშენებლობაზე 50 წლის მამაკაცი გიორგი ძველაია კედლის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა.
„თვენახევარია ველოდები ჩემს ხელფასს, მინიმუმ ორი-სამი ათასი ლარი მაქვს ასაღები. წინა თვეეებშიც იყო შეფერხებები და სანამ არ გავაპროტესტეთ, ხელფასი არ დაგვირიცხეს. ახლაც იგივე მდგომარეობაა. გვაქვს ბანკის ვალები და ვერ ვიხდით იმიტომ, რომ ჩვენს ნამუშევარს არ გვიხდიან. ქონებას წაგვართმევენ. სად არის მთავრობა? რატომ არ უყურებს ამას, 70 ოჯახი შემოსავლის გარეშე რომ დაგვტოვეს,“ – ამბობს ოლეგ ფატლაძე.
კომპანიის ოფისი ბათუმში დღეს დილიდან დაკეტილი იყო. საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიას“ ეზოში კი რუსული ჯგუფის, „უმატურმანის“კონცერტისთვის მიდის მზადება. პერიმეტრს სახელმწიფო დაცვის პოლიცია აკონტროლებს.
„ჩვენ ხელფასს არ გვაძლევენ, მშივრები ვართ და აგერ კონცერტებს გვიმართავენ. მოგვცენ ჩვენი ნამუშევარი და მერე რაც უნდათ ის გამართონ. თუ დღის ბოლომდე ხელფასს არ გადაგვიხდიან, კონცერტის ჩატარების საშუალებას არ მივცემთ-მეთქი, ვუთხარით და ეგრევე დაცვის პოლიცია მოგვისიეს. მაგით გვაშინებენ? სად არის სააკაშვილი? არ აინტერესებს, ამდენი ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე რომ არის დარჩენილი? მოვა საღამოს და კონცერტს უყურებს,“ – ამბობს გიორგი ბერიძე.
ნუგზარ ქოქოლაძესაც ორი თვის ხელფასი აქვს ასაღები: „გვატყუებენ, დღეს იქნება, ხვალ იქნება. ბინების მეპატრონეები მოდიან და გვეუბნებიან, რატომ არ მუშაობთო, მათ ბინის და რემონტის ფული გადახდილი აქვთ, კომპანია კი ხელფასს არ გვიხდის. არც ერთი წარმომადგენელი არ მოსულა და მიზეზი არ აუხსნია, რატომ არ გვიხდიან ხელფასს. 25-ში 600 ლარი მაქვს ბანკში გადასახდელი, რა ვქნა, რით გადავიხადო?“.
„ეს იყო ტექნიკური პრობლემა, დღის ბოლომდე მუშების 40 პროცენტს დაერიცხება ხელფასი, კვირის ბოლომდე კი, სხვებსაც” – განაცხადა კომპანია „დექსუსის“ პიარ-მენეჯერმა ნატა თოფურიამ „ნეტგაზეთთან” საუბარში.