არასამთავრობო ორგანიზაცია “გორელ ფოტოგრაფთა კლუბი” ქალაქ გორში, მზეჭაბუკის ძეგლის გვერდით მდებარე მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოსაწყობად შემოწირულობების (crowdfunding) მეშვეობით თანხის მოძიებას ცდილობს. შენობა ამჟამად უფუნქციოა და პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ოთო გვრიტიშვილის განმარტებით, მოსახლეობა მას საჯარო ტუალეტად იყენებს.
ოთო გვრიტიშვილი გვიყვება, რომ ეს შენობა საქართველოში არსებული თავდაცვითი ნაგებობებისა და ციხე-კოშკების მინი 3დ მოდელების მუზეუმად იყო ჩაფიქრებული და სწორედ ამ დანიშნულებით გაიხსნა 1986 წელს, 1990-იანი წლების დასაწყისში შენობაში საქინფორმი (სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო) იყო განთავსებული, თუმცა შემდეგ გაჩერდა და საჯარო ტუალეტად გადაიქცა. მისი თქმით, მოუვლელია სკვერიც, რომელიც შენობას აკრავს გარს და რომელზეც გორის სიმბოლო, ლომჭაბუკის ძეგლი მდებარეობს.
“გორელებისთვის ეს ძალიან მტკივენული თემაა. შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ძალიან დანაგვიანებულია, ძირითადად, ორგანული ნარჩენისგან. საპირფარეშოდ იყენებდნენ. ოთხი დიდი მანქანა ორგანული ნარჩენი გამოვიტანეთ ჩვენ პირადად. ანტისანიტარიაა… ტურისტები მოდიან, [ლომჭაბუკის] ძეგლთან სურათებს იღებენ და [მუზეუმის] შენობასთან ახლოსაც არ მიდიან ამ სუნის გამო”, – გვიყვება ოთო გვრიტიშვილი.
მისი თქმით, გორელ ფოტოგრაფთა კლუბს შენობაში თანამედროვე საგამოფენო სივრცის გახსნა სურს, რომელიც დამატებით საგანმანათლებლო ფუნქციითაც დაიტვირთება. გვირიტიშვილის განმარტებით, შენობის ფართი იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ ორი დარბაზი მოეწყოს: ერთში განთავსდება მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი ყველა ხელოვანისათვის თავისუფალი დაშვების პრინციპით, ხოლო მეორეში მოეწყობა რამდენიმე სახელოვნებო კლუბი სხვადასხვა მიმართლებით, სადაც ფოტოგრაფები, კინოინდუსტრიაში გარკვეული ადამიანები სხვებს თავის გამოცდილებას გაუზიარებენ. შენობის გარემონტების პარალელურად, გვრიტიშვილის განმარტებით, მათი სურვილია, რომ პროექტის ფარგლებში სკვერის რეაბილიტაციაც განხორციელდეს და მოდერნისტული სკულპტურების სივრცედ იქცეს.
პროექტის ავტორები crowdfunding-ს უცხოურ ვებგვერდზე ახორციელებენ და, შესაბამისად, შემოწირულობებს ელიან როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და დონორებისაგან. პარალელურად აპირებენ, რომ დაფინანსების მოპოვების მიზნით ევროპის კულტურის ფონდსაც მიმართონ. ზემოხსენებულ ვებგვერდზე კლუბს საორიენტაციო თანხად 75 ათასი ევრო აქვთ მითითებული. გვრიტიშვილი ამბობს, რომ ეს თანხა საჭიროა სკვერისა და შენობის რეაბილიტაციისათვის, ასევე, საგამოფენო სივრიცისათვის საჭირო ინვენტარისა და ტექნიკისთვის. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არა 75 ათასს, არამედ უფრო ნაკლებ თანხას მოაგროევებენ? – ოთო გვრიტიშვილი ამბობს, რომ პრიორიტეტი შენობის რემონტს მიენიჭება.
ოთო გვრიტიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ქალაქის თვითმმართველობამ მათ შენობა 2-წლით დროებით მართვაში გადასცა უზურფრუქტით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავის მოვალელობებს შეასურლებენ, გვრიტიშვილის თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობა მზადაა, რომ შენობა გრძელვადიანი პერსპექტივითაც დაუთმოს. რატომ არ გააკეთა მერიამ შენობისა და სკვერის რეაბილიტაცია?
“არ მოინდომაო, ამას ვერ ვიტყვი. სისულელე იქნება იმის თქმა, რომ ვიღაცას დახეული ტანსცმლის ახლით ჩანაცვლება არ უნდოდეს, მაგრამ ამის ფინანსური რესურსი ცოტა ფუფუნების საკითხია… გზების პრობლემა, სოციალური პრობლემა და ვხვდები მაგათ სიტუაციას”.
“ჩვენ გვინდა საგამოფენო სივრცე, სადაც მხოლოდ გამოფენები არ ჩატარდება… გათვალისწინებული გვაქვს საჯარო ლექციების მოდული, სხვადასხვა სპიკერს მოვიწვევთ ხოლმე. გვინდა, რომ ეს ადგილი იყოს თავისუფალი სივრცე ყველასთვის, ვისაც ხელოვნება და სიახლე უყვარს. თბილისში არ ვიცი, მაგრამ რეგიონებში ხალხი სიახლეს ძალიან მძიმედ ხვდება ხოლმე, როგორც წესი, და გვინდა, რომ სიახლესთან დაკავშირებული დისკომფორტი მოიხსნას. გვინდა, რომ ეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი იყოს გორში, სადაც ყველას გაუახრდება მისვლა, ტურისტს, სტუმარს თუ სხვას”, – ამბობს ოთო გვრიტიშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, გვრიტიშვილი პირობას დებს, რომ პერიოდულად წარუდგენს საზოგადოებას ფინანსურ ანგარიშს.
“მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, ერთმა ადამიანმაც არ უნდა გამოიხედოს ეჭვის თვალით. ყოველ წელს გავაკეთებ ფინანსურ და შემოქმედებით ანგარიშს. ახლაც ვაცხადებ, რომ ნებისმიერს, ვისაც სურვილი ექნება, შემიძლია საბუღალტრო საქმე გადავულო, უბრალოდ, არ ჩანს [ასეთი ადამიანი], უსასყიდლოდ რომ იმუშაოს. ჩვენი შემოსავლის წყარო არ არის ეს… ეს არის ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენ ყველა ვმუშაობთ რაღაც ადგილზე და ჩვენს თავს ვინახავთ. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ ქალაქს ახალი ცენტრი შეემატოს”.
შენობისა და სკვერის ამჟამინდელი მდგომარეობა:
არტ-ჰაუსის სამომავლო პროექტი