ახალი ამბები

ავღანეთში ნატოს ბაზაზე “თალიბანის” თავდასხმისას ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

12 ნოემბერი, 2016 •
ავღანეთში ნატოს ბაზაზე “თალიბანის” თავდასხმისას ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

12 ნოემბრის დილას ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე ნატოს სამხედრო ბაზა ბაგრამზე ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანის” თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 14 ადამიანი, თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის, ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. სააგენტო “როიტერსის” ცნობით, დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.

“დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული”, – წერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

“თალიბანის” მიერ ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა 2 დღეში: 11 ნოემბერს ტერორისტული დაჯგუფების თვითმკვლელმა ტერორისტმა გამთენიისას ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, გერმანიის საკონსულოსთან თავი აიფეთქა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევისას დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, თავდასხმის მოგერიება და “საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად”. ამის გამო გერმანიამ ქართველ სამხედროებს გუშინ მადლობა გადაუხადა.

ავღანელი ჯარისკაცები ბაგრამის სამხედრო ბაზასთან. 22.12.2015 ფოტო: EPA/HEDAYATULLAH AMID

ავღანელი ჯარისკაცები ბაგრამის სამხედრო ბაზასთან. 22.12.2015 ფოტო: EPA/HEDAYATULLAH AMID

 

მასალების გადაბეჭდვის წესი