ახალი ამბები

გერმანია ქართველ სამხედროებს ავღანეთში თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უხდის

11 ნოემბერი, 2016 • 3227
გერმანია ქართველ სამხედროებს ავღანეთში თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უხდის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობას უხდის. განცხადება ამის შესახებ სამინსიტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

განცხადებაში საუბარია 10 ნოემბერს ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, თავდასხმის მოგერიება და “საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა შესაძლებელი გახდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცური და თავდადებული მოქმედებების შედეგად”.

“გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება გერმანულ მხარეს და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს.” – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამ ფაქტს გამოეხმაურა თავად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტრ შტაინმაიერი. განცხადების თარგმანი გერმანიის საელჩოს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა:

“თავდასხმის შემდეგ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები და ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც იქ სამშვიდობო მისიით იმყოფებიან, სწრაფად, პროფესიონალურ დონეზე და ყოყმანის გარეშე დაგვეხმარნენ. მათი მამაცი დახმარების შედაგად შესაძლებლი გახდა თავდასხმის დასრულება და საკონსულოს თანამშრომლების დაცვა. ამისათვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს და საქართველოს მთავრობას. ეს თანამშრომლობა აჩვენებს, რომ ტეტორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ახლაც ერთად ვდგავართ და მომავალშიც ერთად ვიდგებით.” – განაცხადა მინისტრმა.

ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანის” თვითმკვლელმა ტერორისტმა ხუთშაბათს, 11 ნოემბერს, გამთენიისას, ავღანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოსთან თავი აიფეთქა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევისას დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი