ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

11 ნოემბერი, 2016 •
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ეს იქნება პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანიც არსებული ე.წ. პოლიტიკური ელიტის შეცვლა იქნება. საქართველოს ყოფილი პერზიდენტის განცხადებით, მისი პარტია მოითხოვს უკრაინის “რადას” ვადამდელი არჩევნების დანიშნავს:

“მე მინდა გაგაცნოთ ამ პოლიტიკური პლატფორმის პრინციპები, ჩვენ არ მივიღებთ პარტიაში არავის, ვინც “რადაში” ერთზე მეტი ვადით იყო არჩეული. ჩვენ არ გვეყოლება პარტიაში მსხვილი ბიზნესმენები. ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიზნესს, ჩვენ დავეხმარებით ბიზნესს, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ ბიზნესი ჩაერიოს პოლიტიკაში. ჩვენ არ შევიყვანთ ბიზნესს “რადაში”- თქვა სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სააკაშვილის თქმით, მისი და  გუნდის მიზანია “რადადან” კრიმინალების განდევნა არჩევნების გზით. საკუთარ გუნდს კი სხვადასხვა ასაკის ადამიანებით დააკომპლექტებს, რომლებსაც უკრაინა უყვართ და მზად არიან ქვეყნის მომავლისთვის იბრძოლონ.

ოდესის გუბერნატორის თანამდებობა სააკაშვილმა 7 ნოემბერს დატოვა, მისი თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება იმ კორუფციის გამო მიიღო, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაშია, რაც მისი მიზნების მიღწევაში ხელს უშლის.

სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2004-დან 2013 წლამდე იკავებდა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანა დატოვა და 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთი მუხლის მიხედვით იდევნება, მათ შორის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი