ახალი ამბები

კობა გვენეტაძე: მოკლევადიან რყევებზე კომენტარის გაკეთება დიდ რისკს შეიცავს

10 ნოემბერი, 2016 • 1366
კობა გვენეტაძე: მოკლევადიან რყევებზე კომენტარის გაკეთება დიდ რისკს შეიცავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ერვნული ვალუტა გამყარდება.

“მოკლევადიან რყევებზე ნებისმიერი ასეთ კომენტარის გაკეთება ძალიან დიდ რისკს შეიცავს. კურსზე მოქმედებს სხვადასხვა გარიგებები, სხვადასხვა მოლოდინები, რომლებიც არსებობს – ეს ყველაფერი არის ერთად ასახული. ანუ, იქნება გაუფასურებები, იქნება გამყარებები აუცილებლად, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდსა და გრძელვადიან პერიოდში, ვფიქრობ, რომ ჩვენს ვალუტას ექნება გამყარების მიმართულება”, – განაცხადა დღეს, 10 ნოემბერს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ეროვნულმა ბანკმა დოლარი კვლავ გაყიდოს:

“რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ იყო ეს თემა გავლილი, ჯერ კიდევ შარშან, და ეს არის ლიკვიდობის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველა პროგრესული პოლიტიკის გამტარებელი ეროვნული ბანკი იყენებს და ეს არ ახდენს გავლენას გაცვლით კურსზე. ისევ და ისევ განმარტებები ამასთან დაკავშირებით იქნა გაკეთებული და ბოლო წლიურ ანგარიშში, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა, ამაზეც არის აქცენტი. ინტერვენციებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, საკმაოდ ნათელი მაგალითი გავეცით და განცხადებაც გავაკეთეთ, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ არ არის რაიმე ფუნდამენტური ფაქტორების გავლენა და არის გარკვეული მოლოდინები და იყო ერთჯერადი ტრანზაქციები, ჩვენ გავაკეთეთ ეს ინტერვენციები. ეს არის ეროვნული ბანკის სტრატეგიაში, ეს არის ის, რაც ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ცენტრალურ ბანკს 2012, 2013, 2014, 2015 წლებში, სხვათა შორის, გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე წელს ეს გაკეთდა, და ეს აბსოლუტურად იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც, როდესაც საჭირო იქნება, ამის გამოყენება მოუხდეს ეროვნულ ბანკს. მინდა შეგახსენოთ, რომ არა მარტო გაყიდვები, არამედ შესყიდვებიც გავაკეთეთ და რატომღაც ეს ყველას ავიწყდება და ახსენდებათ უფრო ის, რომ გაყიდვები გაკეთდა,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის მიერ 10 ნოემბერს დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 2.4773 ლარი ღირს, რაც ნიშნავს, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, თიბისი ბანკში 1 დოლარის შესაძენად 2.5130 ლარი დაგჭირდებათ, ხოლო საქართველოს ბანკში 2.5150 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 დოლარის შესაძენად 251 ლარია საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი