ახალი ამბები

ივანიშვილმა ბურჯანაძე მიიღო

19 აგვისტო, 2012 • 1662
ივანიშვილმა ბურჯანაძე მიიღო

ივანიშვილის პრეს-სამსახურის ცნობით, ივანიშვილისა და ბურჯანაძის შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გარშემო წარიმართა.

 

ნინო ბურჯანაძემ 9 აგვისტოს გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ის და მისი პოლიტიკური პარტია 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. გადაწყვეტილების მოტივი კი ასე ახსნა:

 

“დემოკრატიული მოძრაობა” ანგარიშს უწევს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას. ჩვენ ამ ეტაპზე უარს ვამბობთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა ხელი არ შევუწყოთ ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთისათვის ხმების წართმევას”.

 

ნინო ბურჯანაძისა და ივანიშვილის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებში იყო საუბარი, იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილი მკვეთრად ემიჯნებოდა ბურჯანაძის ძალის სტრატეგიას საპროტესტო აქციებით ხელისუფლების შეცვლის შესახებ. კოალიციის შემადგენელი სხვა პოლიტიკური პარტიები, მაგალითად, “რესპულიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” ხშირად განმარტავდნენ, რომ თანამშრომლობა არ ნიშნავდა ბურჯანაძის პარტიის გაერთიანებას კოალიციაში.

 

რა ტიპის თანამშრომლობა შედგება ბურჯანაძე-ივანიშვილის პოლიტიკურ ძალებს შორის, ამ ეტაპზე მხარეების მიერ დამატებითი კომენტარები არ კეთდება.

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე – ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის მთავრობას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაემიჯნა ღიად. ბურჯანაძის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიისა და სახალხო კრების ორგანიზებით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა გასული წლის მაისში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. საპროტესტო აქცია 2011 წლის 26 მაისს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ხელისუფლება ნინო ბურჯანაძეს კრემლთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

ბიძინა ივანიშვილი და ნინო ბურჯანაძე
ბიძინა ივანიშვილი და ნინო ბურჯანაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი