ახალი ამბები

პრეზიდენტმა რუსუდან გოცირიძე და ელისაბედ მესხიშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

10 ნოემბერი, 2016 • 2144
პრეზიდენტმა რუსუდან გოცირიძე და ელისაბედ მესხიშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედის (მესხიშვილი) შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაციას დაესწრო.

“ტოლერანტობა, განსხვავებულის პატივისცემა, ინტეგრაცია – რეალურად ყველა ამ ფრაზის და გამონათქვამის უკან ჩვენი განსაკუთრებული ისტორიული წარსული დგას. როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ უფრო აქტიური უნდა იყოს ყველა რელიგიის, ყველა ეთნოსის წარმომადგენელი, ჩვენ ვიყურებით უკან, ჩემი ერის და ჩემი სამშობლოს დიადი წარსულისკენ და იქ ვხედავთ, რომ ჩვენი სამშობლოს დიდებას ვქმნიდით ყველა ერთად. მაშინ ეთნიკურად ქართველთა, ებრაელთა, სომეხთა, ბერძენთა წინაპრები და სხვა ყველა ეთნოსის წარმომადგენლები, ასევე, მუსლიმები ქრისტიანები და სხვა კონფესიები ერთად ქმნიდნენ ამ ქვეყნის სიძლიერეს. ჩვენ რამე განსხვავებულს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ხასიათის ბროშურა „საქართველო – განსხვავებულთა ერთობა’’ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიბეჭდა და მასში თავმოყრილია თითქმის ყველა პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

ქართული ენის კურსები „ვისწავლოთ ქართული“, ქართულ-ოსური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, აფხაზეთის ვირტუალური არქივი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობების მიერ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე, ბოშათა გაძლიერების ცენტრი, შეხვედრები მოსწავლეებთან ადრეული ქორწინების თემაზე, ხატვის შემსწავლელი კურსი დუისში, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი სოფელ ჯოყოლოში, მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსი სოფელ ბირკიანში, ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას, დუისში საჭიდაო დარბაზის გათბობის სისტემით უზრუნველყოფა, ჩეჩნური კულტურის ფესტივალი, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი, ქალები ქალების სამსახურში, კულტურულ-საგანმანათლებლო დღის ცენტრი „მაცნე-2015“, ფოტოკლუბი „ბერთი“ – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი