ახალი ამბები

რა მოხდა გომში კალაძის მოსახლეობასთან შეხვედრისას

17 აგვისტო, 2012 •
რა მოხდა გომში კალაძის მოსახლეობასთან შეხვედრისას

აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” თვითმხილველმა, სოფელ გომის მაცხოვრებელმა ჯემალ გეგუჩაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის დაწყებამდე ადგილზე მივიდა პროვოკატორთა ჯგუფი ნასვამ მდგომარეობაში და ისინი ცდილობდნენ მოეწყოთ პროვოკაცია, მაგრამ ხალხმა თვითონ გააშველა და დამშვიდდა სიტუაცია.

“მოგვიანებით მოვიდა კახა კალაძე. ხალხი შეხვდა თბილად, ტაშით და როდესაც დაიწყო ხალხთან საუბარი კალაძემ, ეს პროვოკატორები არ აცდიდნენ ლაპარაკს და მთელი ამ შეხვედრის განმავლობაში გრძელდებოდა მათი ყვირილი, გინება, ლანძღვა. ხალხმა თვითონ განმუხტა ეს ვითარება, ისინი მოაცილეს იქაურობას და პროვოკატორებს არ გაუვიდათ ის, რისი გაკეთებაც მათ სურდათ”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” თვითმხილველი გეგუჩაძე და აქვს დასძენს, რომ  პოლიციის ჩართვა სიტუაციის განმუხტვის მიზნით საჭირო აღარ გამხდარა, ხალხმა წრე გააკეთა და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, გაერღვიათ ეს წრე.

მან ასევე კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს კალაძემ ადგილობრივებს შეურაცხყოფა მიაყენა:  

“კალაძე ადგილობრივებს როგორ მიაყენებდა შეურაცხყოფას? ისინი მას შეხვდნენ თბილად. ის, ვინც პროვოკაციაზე წამოვიდა, ადგილობრივები არ იყვნენ. ისინი იქ იყვნენ ადგილობრივი დეპუტატის მიხეილ ნიკოლეიშვილის დავალებით და იყვნენ სხვა სოფლიდან”.

სოფელ გომის თემის საკრებულოს დეპუტატი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი მიხეილ ნიკოლეიშვილი “ნეტგაზეთთან” გამორიცხავს შეხვედრაზე პროვოკატორების არსებობს და მისი მისამართით არსებულ ბრალდებას სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

“არავინ არ იყო იქ პროვოკატორი, უბრალოდ კალაძესთან ჰქონდათ შეკითხვები. ყველა ახალგაზრდა ბიჭი იყო. როდესაც აღნიშნულ ვიდეოს დადებენ საიტზე, დაასახელონ, რომელი არ არის გომიდან და მე მოგიტანთ მათ პასპორტებს, მათ მისამართებს და იქ ერთი კაციც თუ არ იქნება გომელი, მე ვარ პირადად პასუხისმგებელი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გომის თემის საკრებულოს დეპუტატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი