ახალი ამბები

კეკენაძე: ტრამპის არჩევა აშშ – საქართველოს ურთიერთობის დინამიკას ვერ შეცვლის

9 ნოემბერი, 2016 • 1349
კეკენაძე: ტრამპის არჩევა აშშ – საქართველოს ურთიერთობის დინამიკას ვერ შეცვლის

“თავისუფალი დმოკრატების” აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ამ ქვეყნის ურთიერთობა საქართველოსთან ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება:

“ტრამპის პრეზიდენტდ არჩევა ამ ურთიერთობის დინამიკას ვერ შეცვლის, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად აქტიურად იმუშავებს საქართველოს მთავრობა ახალ ადმინისტრაციასთან. მნიშვნელოვანია, რომ დღეიდან ჩვენმა ხელისუფლებამ და დიპლომატიურმა სამსახურმა დაიწყოს პირადი კონტაქტების დამყარება ახალ ადმინისტრაციასთან იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება”- ამბობს კეკენაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ამერიკის დემოკრატიის ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იქ ქვეყანას ინსტიტუტები მართავენ და ნაკლებად ინდივიდები:

“მიუხედავად იმისა, რა ტიპის ინდივიდი მოდის პრეზიდენტად, ამერიკის დემოკრატიის მთელი ხიბლი ის არის, რომ ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები, რა თქმა უნდა, პიროვნებებსაც აქვს მნიშვნელობა. საქართველო- ამერიკის ურთიერთობა ამ ეტაპზე რაც არის, ამაზე უარესი ნამდვილად ვერ იქნება, ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტები და მაღალი დონის ჩართულობა აშშ-ის, რაც ხშირ შემთხვევაში შეიმჩნეოდა, [აღარ არის] ამიტომ ამ კუთხით მე გაუარესებას არ ველოდები და ის ინსტიტუციები, რომელიც არსებობს აშშ-ში, ამას უზრუნველყოფენ. ამას ისიც ემატება, რომ რესპუბლიკელებს საკმაოდ მკაფიო პოზიციები აქვთ საგარეო კურსთან მიმართებაში”,- ამბობს კეკენაძე.

19:30 საათის მონაცემებით, დონალდ ტრამპს 279 ხმა აქვს, ხოლო “დემოკრატების” კანდიდატს ჰილარი კლინტონს – 218 ხმა. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი