დღეს, 9 ნოემბერს, “ქართული ოცნების” წევრი და საქართველოს პარლამენტში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ამერიკელებს საქართველოსთვის ნაკლებად ეცლებათ.
“ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში უნდა დავფიქრდეთ, რას ამბობს ტრამპი. ტრამპი იძახის, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ დიდი ამერიკა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ნაკლებად ეცლებათ ამერიკელებს. ჩვენს თავს ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ. ევროპისთვისაც ნაკლებად ეცლებათ, ამიტომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უნდა გავააქტიუროთ ჩვენი ურთიერთობები. თუმცა იმ ევროპაშიც ძალიან ისეთი მოძრაობებია, რასაც ჰქვია ევროსკეპტიკოსები, და ტრამპის გამარჯვება კიდევ ერთი სტიმული იქნება მათთვის”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დავით ჭიჭინაძემ 2016 წლის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ისნის მე-9 ოლქის მაჟორიტარულ ოლქში და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იქნება “ქართული ოცნების” რიგებიდან.
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მან დაამარცხა ჰილარი კლინტონი. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო სლოგანი იყო “კიდევ ერთხელ ავაღორძინოთ ამერიკა”.
გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ დაიწყებს ერის აღმშენებლობისა და “ამერიკული ოცნების” განახლებისთვის მუშაობას. ამავე დროს, ითანამშრომლებს ყველა ერთან, რომლებსაც ამერიკასთან თანამშრომლობის სურვილი ექნება.
დღეს, 9 ნოემბერს, საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე, საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, რასაც ადასტურებს კონგრესის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს უჭერს მხარს.








